ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ევროპული საქართველოს წევრს, სერგი კაპანაძეს ურჩევს, რომ თეა წულუკიანის პარლამენტში მისვლა, ოპოზიციისთვისვე იქნება "საზიანო".

ასე უპასუხა კილაძემ კაპანაძის მოთხოვნას, რომ წულუკიანი პარლამენტში მივიდეს და პასუხი გასცეს კითხვას — სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რატომ არ აღუდგინა ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას საქმიანობის უფლება.

"თუ რჩევას მიიღებთ, ქალბატონი თეას აქ მოსვლა თქვენთვისვე იქნება საზიანო. ამას პოლიტიკურად ვამბობ და არ ვამბობ, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რით სრულდება ქალბატონი თეას მოსვლა აქ და ამიტომ მე თქვენ გინდობთ ამ შემთხვევაში, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ადამიანურად", — განაცხადა სოფო კილაძემ.

ბაჩანა შენგელიამ 24 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომ მას იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა კანონიერი საფუძვლის გარეშე, პოლიტიკური ნიშნით შეუზღუდა. On.ge-სთან საუბარში იგი ჰყვებოდა, რომ მას 18 ივნისს გაუთიშეს სერვერი. მისივე თქმით, მუშაობის შეზღუდვიდან ოთხი დღის შემდეგ, 22 ივნისს აღძრეს დისციპლინური საქმე მის წინააღმდეგ, "აბსურდული და გაურკვეველი მიზეზით".

29 ივნისს შენგელიამ გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წერილი, სადაც წერია, რომ ნოტარიუსად მუშაობა პოლიტიკური შეფასებების გამო შეუზღუდეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შენგელიას ფეისბუქს ერთი თვის განმავლობაში ამოწმებდნენ, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ ბაჩანა ის "ახორციელებდა მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდა პოლიტიკურ შეფასებებს".

იუსტიციის მინისტრმა ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერების შესახებ ოპოზიციის კითხვებს პარლამენტში უპასუხა. თეა წულუკიანის თქმით, ნოტარიატის შესახებ კანონით, პოლიტიკურ საქმიანობაში ნოტარიუსის ჩარევა აკრძალულია. მან ოპოზიციას მოუწოდა, ნუ "აპოლიტიზებს" თემას და ნუ აფიქრებინებენ, რომ "ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის".

პირველ ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას განცხადება დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს სანოტარო საქმიანობის სისტემასთან წვდომის აღდგენა დაავალა.

თუმცა, სასამართლო განჩინების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ მას სანოტარო საქმიანობის უფლება არ აღუდგინა. სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, შენგელიამ აღსრულების ბიუროს მიმართა.