პოლიტიკური პარტია გირჩი აცხადებს, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში არჩევნებზე მისული მოქალაქეებისთვის Tesla-ს მანქანას გაათამაშებს. პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ინიციატივას ამომრჩევლის მოსყიდვასთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა სამოქალაქო სექტორში საპირისპიროს ფიქრობენ.

როგორც პროექტის პრეზენტაციაზე ჯაფარიძემ თქვა, მნიშვნელობა არ ექნება, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემს ამომრჩეველი ხმას.

ჯაფარიძის განცხადებით, გათამაშების მიზანი ამომრჩევლის წახალისებაა, რათა ისინი არჩევნებზე მივიდნენ. როგორც მან განმარტა, Tesla-ს მანქანის ყიდვას ისინი იმ ფულით აპირებენ, რომელსაც პარტია პარლამენტში შესვლის შემთხვევაში სახელმწიფოსგან მიიღებს.

ფოტო: გირჩი

"ჩვენ ისედაც გაცხადებული გვქონდა, რომ ამ ფულს არასდროს ავიღებდით. მაგრამ ტექნიკურად შეუძლებელია ეს ფული არ ავიღოთ, რადგან სახელმწიფო არ გვირიცხავს. ჩვენ უნდა მოგვეფიქრებინა, რა გვექნა ამ ფულისთვის. მოვიფიქრეთ ეს გზა", — განაცხადა ჯაფარიძემ პროექტის პრეზენტაციის დროს.

როგორც პარტიის ვებგვერდზეა აღნიშნული, Tesla-ს პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცესკოს ამომრჩეველთა ერთიან სიაშია რეგისტრირებული და 31 ოქტომბერს სასურველ პარტიას მისცემს ხმას. მონაწილეობის მისაღებად მოქალაქემ საარჩევნო უბნის დატოვებისას ფოტო უნდა გადაიღოს და შესაბამისი ჰეშტეგით ფეისბუქზე გამოაქვეყნოს.

"რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს გირჩი არჩევნებზე, მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება, შესაბამისად მომდევნო 4 წლის განმავლობაში მეტი Tesla-ები გათამაშდება, მაგალითად: 50 000 ხმის მიღების შემთხვევაში გირჩი წელიწადში 5 Tesla-ს, 4 წელიწადში კი, 20-ს გაათამაშებს", — ნათქვამია ვებგვერდზე.

აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში გირჩმა Tesla-ს ბევრი მანქანა გაათამაშოს, მას ბევრმა მოქალაქემ უნდა მისცეს ხმა. სწორედ ამიტომ, On.ge დაინტერესდა, შეიძლება თუ არა პარტიის ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვა იყოს.

ზურაბ ჯაფარიძე ამ აზრს არ ეთანხმება და ამის არგუმენტად მოჰყავს ის, რომ ინიციატივა მხოლოდ გირჩის ამომრჩეველზე არ არის გათვლილი და ყველას ეხება. როგორც ჯაფარიძე On.ge-სთან ამბობს, მნიშვნელოვანია შემდეგი მოწვევის პარლამენტში არსებული პოლიტიკური განწყობები მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი.

"ეს არჩევნები პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას მეორე ვადა ეწურება. გარდა ამისა, ახალი საარჩევნო სისტემით ტარდება, რომელიც თითქმის პროპორციულია და ჩვენ გვინდა, მომავალ პარლამენტში საქართველოს მოქალაქეებში არსებული პოლიტიკური განწყობები მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი. ამიტომ, რაც მეტი ადამიანი მივა, მით უფრო წარმოდგენილი იქნება ეს განწყობები", — აღნიშნავს ჯაფარიძე.

გირჩის გათამაშებაში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს ხედავს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე. მიუხედავად იმისა, რომ გათამაშება მხოლოდ გირჩის ამომრჩეველზე არაა მიმართული, ნიჟარაძე განმარტავს, რომ ამომრჩევლის ფინანსურ დაინტერესებასთან გვაქვს საქმე.

"მაინც შეიძლება შეიცავდეს ეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, ვინაიდან გათვლილია იმაზე, რომ რაღაც ფინანსური დაინტერესებით გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. და რადგან გირჩი ჰპირდება ამას, არ არის გამორიცხული, ამომრჩეველმა ვალდებულად ჩათვალოს თავი, რომ სწორედ ამ პარტიას დაუჭიროს მხარი", — აღნიშნავს ნიჟარაძე On.ge-სთან.

ამასთან, ISFED-ის ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი მოწოდებები პოლიტიკური კულტურის შექმნისთვის კარგი არ არის და დაბალი სტანდარტია, რადგან ეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს არ შეუწყობს.

"ასეთი მოტივაციის შექმნა არასწორი მიდგომაა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტია ასეთ სტანდარტს არ უნდა აწესებდეს ქვეყანაში", — ამბობს იგი.

ელენე ნიჟარაძე აღნიშნავს, რომ ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას უნდა იღებდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან და არა ფინანსური დაინტერესებიდან გამომდინარე.

არის თუ არა ეს მოსყიდვა პროკურატურა იმ შემთხვევაში შეისწავლის, თუ ცესკო მიმართავს.

განახლება: ცესკოში On.ge-ს განუცხადეს, კანონის შესაბამისად მოსყიდვის კატეგორიით შეიძლება შეფასდეს ქმედება მხოლოდ არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ. ანუ საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად უნდა იყოს არჩევნები დანიშნული იმისათვის, რომ ქმედება შეფასდეს — ეს არის მოსყიდვა თუ არა. ამასთან, მოსყიდვის ფაქტების დადგენა საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენცია არაა.