სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, შესაძლოა, პროკურატურას მიმართოთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალები გააცნონ. მისი თქმით, უახლოეს დღეებში დაასრულებს შეხვედრებს საქმეში მონაწილე ბრალდებულებთან და გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და გაიგებს მათ კითხვებს.

"ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის საზოგადოებაშიც, ჟურნალისტების აქტიურად აშუქებენ ამ შეკითხვებს, რომლებიც საქმის გარშემო არსებობს. უახლოეს დღეებში ომბუდსმენი დაასრულებს შეხვედრებს, როგორც ბრალდებულების, ასევე, შაქარაშვილის ოჯახის წევრების. ამის შემდგომ ჩვენ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფორმით გავაგრძელებთ ამ საქმეში ჩართულობას. არ გამოვრიცხავ, რომ პროკურატურას მივმართოთ თხოვნით გაგვაცნოს საქმის მასალები და მიმდინარე რეჟიმში გავეცნოთ მათ", — განაცხადა ლომჯარიამ.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.

4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.

სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.