აზერბაიჯანული და სომხური მხარეების ინფორმაციით, საზღვარზე, ტოვუზის რაიონში მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა, არიან დაღუპულები. დაპირსპირების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, რაცას ორივე მხრიდან დანაკარგი მოჰყვა.

"სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით ტოვუზის რაიონში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლი გახსნეს ჩვენი პოზიციებისა და საარტილერიო დანადგარის მიმართულებით. ორვე მხრიდან არის დანაკარგი", — აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

კიდევ ერთ განცხადებაში აზერბაიჯანული მხარე ამბობს, რომ დაპირისპირების დროს 2 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

"სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ჩვენი პოზიციების აღების მიზნით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტოვუზის მიმართულებით სცადეს თავდასხმა არტილერიის გამოყენებით. ადეკვატური რეაგირების შემდეგ მოწინააღმდეგემ უკან დაიხია და დანაკარგი განიცადა.
ბრძოლის დროს ორი აზერბაიჯანელი სამხედრო გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა" — აცხადებენ აზერბაიიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი, შუშან სტეპანიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა სცადეს, რასაც მსხვერპლი მხოლოდ აზერბაიჯანული მხრიდან მოჰყვა, სომხეთის მხრიდან კი არავინ დაზარალებულა.

"დღეს, 12:30 საათისთვის, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზებით, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა სცადეს სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა. უაზის მარკის ავტომობილით ისინი ტავუშის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.
სომხური მხრიდან გაფრთხილების შემდეგ მათ უაზის მარკის ავტომობილი დატოვეს და თავის პოზიციებზე დაბრუნდნენ.
13:45-ზე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით სცადეს ჩვენი პუნქტის აღება, მაგრამ საპასუხო ცეცხლით მოვიგერიეთ, რასაც მათი მხრიდან მსხვერპლი მოყვა. სომხური მხრიდან არავინ დაზარალებულა", — წერს შუშან სტეპანიანი