გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის თქმით, ექსპერტიზით დადასტურდა, რომ 19 წლის ბიჭს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც წყალში გადააგდეს.

"ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც მოჰყავ გიორგის მდინარეში გადაგდება. გამორიცხულია, რომ ეს დაზიანებები მიადგეს ადამიანს, თუნდაც ფერდობზე ჩაგორებით, დაცემის დროს", — აღნიშნა ნიკოლაძე.

მისივე თქმით, ოჯახი ყველა დამნაშავის დასჯად მოითხოვს. ნიკოლაძე აცხადებს, რომ ტოიოტა ქამრის 6-ვე მგზავრი შაქარშვილის მკვლელობაში ბრალდებულად ცნონ.

დღეს, 10 ივლისს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზა გაასაჯაროვა, სადაც საუბარია, რომ შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დროს, საუბარია, რომ მან სიცოცხლის დროს მკვირი-ბლაგვი საგნით გარკვეული დაზიანებები მიიღო.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.

4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.