პარტია ლელო საქართველოსთვის არ გამორიცხავს, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში დიცში არშეშვების გამო, პოლიციის წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართოს. ამ თემზე განცხადება პარტიის წევრებმა გააკეთეს.

მათი თქმით, ისინი ადგილზე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა სოფლის შესასვლელთან შსს-ს საპოლიციო საგუშაგოზე ისინი შეაჩერეს და სოფელში აღარ შეუშვეს. ლელოს წევრი, კახა კოჟორიძე ფაქტს პოლიტიკური საქმიანობის ხელშეშლად აფასებს.

"დავაკვირდებით, რა რეაგირება ექნებათ და მოგვცემენ თუ არა განმეორებით იქ შესვლის უფლებას. თუ კიდევ მივიღებთ უარს, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შევიტანთ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებას ოფიციალურად, პარტიის სახელით. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლა არის დანაშაული, რადგან პოლიტიკური პარტიის წევრებს არ აძლევენ ამომრჩეველთან მისვლის უფლებას" — თქვა კახა კოჟორიძემ.

ლელოს გორის ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სოფელში შესვლას ორსაათნახევრის განმავლობაში ცდილობდნენ. მისი თქმით, ლელოს მზარდი რეიტინგი აქვს და ხელისუფლებას ეს აშინებს.