პარტია გირჩი კვოტირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. პარტია მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარტიები ვალდებული არიან სიაში ყოველი მე-4 ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს მათთვის უფლებების შეზღუდვაა.

"მიუხედავად იმისა, რომ გირჩს პარტიულ სიას კონკრეტული მხარდამჭერების და ამომრჩევლების მხარდაჭერა უკვე აქვს, გირჩს მაინც არ მიეცემა საშუალება დარეგისტრირდეს არჩევნებზე, თუ კვოტების რეგულაციას არ დაემორჩილება. პარტიებისთვის ასეთი შეზღუდვის დაწესება ხელს უშლის, როგორც მათ პასიურ საარჩევნო უფლებას, ასევე ამომრჩევლების ნების თავისუფლად გამოხატვას", — აღნიშნულია განცხადებაში.

პარტია აღნიშნავს, რომ მათ შემეთხვევაში პარტიულ სიას პარტნიოები ადგენენ და ის ისე კომპლექტდება, როგორს მათ წარმოუდგენიათ. გირჩის პარტნიორი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს, ვისაც პარტიისთვის რაიმე თანხა შეუწირია.

გირჩის ერთ-ერთი წევრი, ანა ჩიქოვანი აცხადებს, რომ გენდერული კვოტირების კანონპროექტის მიღება მხოლოდ ხელოვნურად ზრდის ქალთა წარმომადგენლობას პარლამენტში და რეალურად სამართლიანობის და დემოკრატიის პრინციპებს აზიანებს.

"ამჟამად გირჩის საარჩევნო სიაში (რომელიც საბოლოო სახის მიღებამდე ცვალებადია) მე სიის მე-16 ნომერი ვარ, ჩემი ხელოვნურად მე-4 ადგილზე გადასვლა არა მხოლოდ ჩემივე პოზიტიური დისკრიმინაციაა, არამედ ფუნდამენტურად ცვლის გირჩის პრინციპს, რომ პარტნიორებს მისცეს საშუალება, თავად აირჩიონ ფავორიტი პოლიტიკოსი. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოში ბრძოლა ამ ნორმის გასაუქმებლად ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს ანა ჩიქოვანი.

პარტიის განცხადებით, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 17:30 საათზე დაარეგისტრირებენ.