"გამოძიება არის წინააღმდეგობების დაძლევის ხელოვნება", — ასე ეხმაურება პარტია ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეში არსებულ უზუსტობებს, შეცვლილ ჩვენებებს. იგი ამბობს, რომ მრავალტომიან საქმეში წინააღმდეგობების არსებობა ჩვეულებრივი მოვლენაა:

"წინააღმდეგობა 15-ტომიან საქმეში იქნება აბა არ იქნება? [...] რეალური კითხვები, რომელიც შეეხება რეალურ ფაქტებს, თუ არსებობს, ამაზე გამოძიებას უნდა დაცავადოთ".

დღეს, 10 ივლისს პროკურატურამ გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სიკვდილის მიზეზი, ასფიქსია წყალში დახრჩობით გახდა. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ გარდაცვალებამდე გიორგი შაქარაშვილს მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

"გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს", — აცხადებენ პროკურატურაში.

ექპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმის კვალიფიკაცია დააზუსტა. 10 ივლისიდან ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე ქვეპუნქტით.

ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიღო. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.

4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.