საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო სამინისტროში კიდევ ერთხელ დაიბარეს. ორიგ ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას არ აღიარებს და ოქტომრბის არჩევნებში ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობას და შეშფოთება გამოხატეს უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.

"აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ", — აღნიშნავს სამინისტრო.

რაც შეეხება უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვი აღნიშნავს, რომ საკითხი ძალიან სერიოზულია და ოფიციალურ კიევს საუბრის შესახებ აცნობებს.

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მხოლოდ მის პირად შეხედულებებს ასახავს, უკრაინის მთავრობა თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან", — თქვა იგორ დოლგოვმა.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.