კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური ამტკიცებს, რომ პრაქტიკულად და თეორიულად გამორიცხულია რისკი იმისა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შესატანი ცვლილებები მაუწყებელს შეეხება. ამის შესახებ მან დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე განმარტა.

"ამ კანონში ზუსტად წერია ეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონის დარღვევის აღმოფხვრის და აღსრულების მიზნით შედის ეს მმართველი და კუმულატიურია ნორმა და სხვა უფლებით ვერ აღჭურვავს მას კომისია. შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტის ნაცილი აბსოლუტურად დაცულია. ეს ვამბობ დიდ ელექტრონულ კომპანიებს. რაც შეეხება პატარებს, რომლებიც არის რეგიონალური მაუწყებელი და არამნიშვნელოვანი ძალის ოპერატორები, ის ბოლო ფორმულირებიდან საერთოდ გამოირიცხება და მხოლოდ დარჩება წილის გასხვისების ნაწილში ელექტრონულ კომუნიკაციებში.

ისინი არ არიან მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორები და შესაბამისად, ბოლო ფორმულირებაზე რაც ვთანხდებით, ბოროტად გამოყენება ძალაუფლების, რომლის შემდეგაც მმართველის ჩართვა შეიძლება მოხდეს, მათ საერთოდ აღარ ეხებათ", — განაცხადა მან.

ცვლილებები, რომლებსაც მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც აპროტესტებენ, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას აძლევს.

კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.

მედიის სფეროს წარმომადგენლები და იურისტები ფიქრობენ, რომ კანონპროექტი არამხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების მქონე კომპანიებს, ინტერნეტ ან მობილურ პროვაიდერებს ეხებათ, არამედ ამ ცვლილებების მიზანი მაუწყებლთა ნაწილის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის შემოტანის მცდელობაა.