დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ ერთ-ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გამყრელიძის განმარტებით, გუშინ, 9 ივლისს გვიან ღამით დადასტურდა საოჯახო კონტაქტებიდან ერთი შემთხვევა რეგიონიდან, რომელთან კონტაქტიც აღმოჩნდა 7 ივლისს ეროვნულ გამოცდაზე გასული აბიტურიენტი.

"ჩვენ გვიან ღამით გვქონდა საგანგებო კომუნიკაცია განათლების სამინისტროსთან, ეროვნული გამოცდების ცენტრთან და ყველა ღონისძიებაა გატარებული პრევენციისთვის, და აბიტურიენტებს, ვინც მასთან ერთად წერდა გამოცდებს, მივცემთ საშუალებას გააგრძელონ ტესტების წერა, ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს და სამკურნალოდ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი განმარტებით, დანარჩენ 9 აბიტურიენტზე და დამკვირვებლებზე ტარდება ეპიდსაწინააღმდეგო სამუშაოები.