ჰიუსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჰაერის ფილტრი შექმნეს, რომელსაც ვირუსის დაჭერა და მისი მყისიერად მოკვლა შეუძლია.

მკვლევრების მოხსენების მიხედვით, ლაბორატორიაში ჩატარებული ექსპერიმენტების დროს ფილტრში ჰაერის მხოლოდ ერთხელ გატარებით ვირუს SARS-CoV-2-ის 99,8% განადგურდა. ფილტრი 200 ცელსიუსზე გაცხელებული ნიკელის ქაფმასალითაა დამზადებული.

"ეს ფილტრი აეროპორტებსა და თვითმფრინავებში გამოგვადგება, ისევე როგორც ოფისებში, სკოლებში და გემებში, რათა COVID-19-ის გავრცელებას შევუშალოთ ხელი", — განაცხადა ჰიუსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა და კვლევის ავტორმა ზიფენგ რენმა.

მკვლევრებმა იცოდნენ, რომ ვირუსი ჰაერში დაახლოებით სამი საათი რჩება, ეს ნიშნავდა, რომ მათ ისეთი ფილტრი უნდა შეექმნათ, რომელიც მას სწრაფად გაანადგურებდა. ბიზნესების გახსნასთან ერთად, კონდიცირებულ სივრცეებში ვირუსის გავრცელების კონტროლი კი აუცილებლობად იქცა.

გუნდმა იცოდა, რომ ვირუსს 70 გრადუსზე გადარჩენა არ შეეძლო, სწორედ ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ მაღალი ტემპერატურის ფილტრი გამოეყენებინათ. ფილტრის ტემპერატურის 200 გრადუსამდე გაზრდით კი ვირუსი მყისიერად ნადგურდება.

მათ ფილტრისთვის ნიკელის ქაფმასალის გამოყენება გადაწყვიტეს, რადგან იგი ფოროვანია და ჰაერს მოძრაობის საშუალებას აძლევს. ამასთან, ის გამტარიცაა, რაც მისი გაცხელების საშუალებას იძლევა. თუმცა ფილტს დაბალი კუთრი წინაღობა აქვს, რაც ტემპერატურის იმდენად გაზრდას ართულებს, რომ ვირუსი დაუყონებლივ მოკლას. მკვლევრებმა ეს პრობლემა მასალის დაკეცვითა და რამდენიმე ნაკვეთურთან მავთულების მეშვეობით ნაკეცების ურთიერთდაკავშრებით მოაგვარეს. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, რომ ტემპერატურა 250 გრადუსზე მაღალი იყოს.

პროტოტიპი პირველად რენის ლაბორატორიაში შემოწმდა, შემდეგ კი გალვესტონის ეროვნულ ლაბორატორიაში გადაინაცვლა. რენის განცხადებით, გამოგონება ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

"ეს ახალი ფილტრი SARS-CoV-2-ის გავრცელების შეჩერებაში დაგვეხმარება", — განაცხადეს მკვლევრებმა. მათი თქმით, მოწყობილობა პირველ რიგში იმ სივრცეებისთვისაა განკუთვნილი, რომელშიც მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები იმყოფებიან — მაგალითად, საავადმყოფოებში, სკოლებსა და საჯარო ტრანსპორტში.