ევროპული საქართველოს დეპუტატის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები უკან გასაწვევია.

მისი თქმით, ის, რომ კანონპროექტს არჩევნების წინ დაჩქარებული წესით განიხილავენ, აღნიშნულ კანონთან მიმართებაში სახელმწიფოს კონკრეტულ ინტერესზე მეტყველებს.

"ეს არის უაღრესად მავნებლური და სამარცხვინო კანონპროექტი საუკეთესო ავტორიტატულ ტრადიციებში, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს შეექმნას პრობლემები. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ვერც ინვესტორებზე ვეღარ ვიფიქრებთ ამ კონკრეტულ სფეროში, თვითონ სფეროში მოქმედ ავტორუზებულ პირებს შეექმნებათ ძალიან ბევრი პრობლემა და სახელმწიფო ხელში ჩაიგდებს სრულიად გაუმართლებელ ბერკეტს, რომ დროებითი მმართველის მეშვეობით მოიპოვოს გავლენა ამ სფეროზე", — ამბობს კაპანაძე.

ცვლილებები, რომლებსაც მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც აპროტესტებენ, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას აძლევს.

კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.

მედიის სფეროს წარმომადგენლები და იურისტები ფიქრობენ, რომ კანონპროექტი არამხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების მქონე კომპანიებს, ინტერნეტ ან მობილურ პროვაიდერებს ეხებათ, არამედ ამ ცვლილებების მიზანი მაუწყებლთა ნაწილის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის შემოტანის მცდელობაა.