United Overseas Bank (UOB)-მა საკუთარი ინოვაციების აქსელერატორის, FinLab-ის ციფრული ვერსია წარმოადგინა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე სტარტაპებს ციფრული გადაწყვეტების დანერგვაში და თავიანთი ბიზნესის გაციფრულებაში დაეხმარება.

2015 წელს FinLab-ის დაარსებიდან მოყოლებული, აქსელერატორმა სინგაპურის, მალაიზიისა და ტაილანდის ბიზნეს სექტორიდან 2 ათასამდე მოთხოვნა მიიღო — დაინტერესებულ კომპანიებს საკუთარი ბიზნესის გაციფრულების პროცესის გაგრძელება სურდათ.

საკუთარი ინოვაციური პროგრამების ონლაინ რეჟიმში განხორციელებით FinLab უფრო მეტ ორგანიზაციას აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენოს ბიზნესის ტრანსფორმაციის გამოცდილი პროგრამები.

ფოტო: UOB

მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია ისარგებლოს დარგის სპეციალისტების ექსპერტიზით, რაც ვიდეოგაკვეთილებისა და ვებინარების სახითაა წარმოდგენილი. ასევე შესაძლებელია FinLab-ის ონლაინ პროგრამაში ჩაწერა, რომლის ფარგლებშიც კომპანია, FinLab-ის ბიზნეს ანალიტიკის ხელსაწყოების გამოყენებით, სრულიად უფასოდ მიიღებს საკუთარი ტექნოლოგიური საჭიროებების შეფასებას. ამის შემდეგ შემუშავდება ერთგვარი გზამკვლევი და სტრატეგია, რომელიც კომპანიას საკუთარი ბიზნეს პროცესების გაციფრულებაში დაეხმარება.

The Finlab Online-ის ქსელი მცირე და საშუალო ბიზნესს და სტარტაპებს მათთვის შესაბამისი ციფრული გადაწყვეტების შერჩევას შეაძლებინებს — ეს ეხება, ძირითადად, ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა ელექტრონული კომერცია, მარკეტინგი, ადამიანური რესურსები, ადმინისტრირება და მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვა. აღნიშნული ქსელის წევრებს ასევე საშუალება ექნებათ, გამოიყენონ რესურსები, რომლებსაც Finlab Online-ის საპარტნიორო ქსელის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

"ციფრული ტრანსფორმაცია ვერ იქნება უნივერსალური ყველასთვის და საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე სტარტაპების მიმართ, რაც მათი ბიზნესის ზრდაზე პასუხისმგებლობის აღებას ითვალისწინებს. მარტო აპრილსა და მაისში, მთელი რეგიონის მასშტაბით, ციფრული ტრანსფორმაციისა და ბიზნესის განვითარების მიზნით FinLab Online-ში 440-ზე მეტი სტარტაპი დარეგისტრირდა", — აცხადებს FinLab-ის თანახელმძღვანელი, პაულინა სიმი.