მართალია, ბოლო ათწლეული სატელევიზიო შოუების აღზევების პერიოდად ითვლება, მაგრამ დიდი ხნის წინაც იქმნებოდა სერიალები, რომელთაც კულტურის შემდგომ განვითარებაზე წარუშლელი კვალი დატოვეს. მათ შორისაა ინგმარ ბერგმანის Scenes from a Marriage, რომლის მიხედვითაც მალე ახალ სერიალს გადაიღებენ.

ლეგენდარულმა შვედმა რეჟისორმა ეს სერიალი 1973 წელს გადაიღო და ექვს ეპიზოდში ავტობიოგრაფიული ელემენტებით წყვილის ოჯახური ყოველდღიურობა გააცოცხლა: სიყვარული, სიძულვილი, მონოგამია, ქორწინება და გაშორება.

ბერგმანს ამ ისტორიის შექმნა მსახიობ ლივ ულმანთან ურთიერთობამ შთააგონა, რომელიც მისი შემოქმედების მუდმივი მუზა და ამავდროულად ცოლი იყო 1965-70 წლებში. აღსანიშნავია, რომ სერიალშიც მთავარი როლი სწორედ ულმანმა შეასრულა, მას პარტნიორობა კი ერლანდ იოზეფსონმა გაუწია.

სცენები ქორწინებიდან მუდმივად სხვადასხვა გავლენიანი კინოხელოვანების შთაგონების წყარო იყო, მათ შორის არიან ვუდი ალენი, რიჩარდ ლინკლეიტერი, არი ასტერი და სხვა. სწორედ ამ საკულტო ნამუშევრის მიხედვით HBO ახალ სერიალს გადაიღებს, რომელიც თანამედროვე და ინგლისურენოვანი ვერსია იქნება, მასში მთავარ როლებს კი მიშელ უილიამსი და ოსკარ აიზეკი შეასრულებენ.

ფოტო: Rex/Shutterstock

მიშელ უილიამსისთვის ეს როლი სრულიად უცხო არ იქნება: 2010 წელს ფილმში Blue Valentine ტოქსიკური ქორწინებით გატანჯული ქალის როლის შესრულებით ოსკარის ნომინაცია მოიპოვა. გასულ წელს სერიალ Fosse/Verdon-ში მონაწილეობით კი ემისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები დაიმსახურა.

რაც შეეხება ოსკარ აიზეკს, მას HBO-სთან უკვე უთანამშრომლია მინისერიალისთვის Show Me a Hero, რომელმაც მას ოქროს გლობუსი მოუტანა. წელს ასევე ის უნდა ვიხილოთ დენის ვილნევის მაღალი მოლოდინების მქონე ეკრანიზაციაში Dune.

ევროპული სერიალის სცენები ქორწინებიდან ამერიკულ რიმეიქზე ჰაგაი ლევი იმუშავეს, რომელიც მანამდე გახმაურებულ სატელევიზიო შოუ The Affair-ის სცენარისტი იყო. შესაბამისად, არც მისთვის იქნება უცხო ამ ახალი პროექტის თემატიკა.

გასულ წელს ნეტფლიქსზე ნოა ბაუმბახის ფილმი Marriage Story გამოჩნდა, რომელმაც მაყურებლებთან ერთად კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ბაუმბახის ამ ფილმს ხშირად ადარებდნენ სწორედ ბერგმანის საკულტო სერიალს და როგორც ჩანს, HBO-მაც გადაწყვიტა, რომ თავისი Marriage Story ჰქონდეს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ამ ახალ სატელევიზიო შოუზე მუშაობა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენად ამბიციური პროექტია ის, დალოდება ნამდვილად ღირს.