სამხრეთ კორეის დედაქალაქის, სეულის დაკარგული მერი პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა. პარკ ვუნ სუნის გაუჩინარების შესახებ 9 ივლისს პოლიციას მისმა შვილმა შეატყობინა. ცხედარი ქალაქის ჩრდილოეთით იპოვეს, სადაც ბოლოს მისი ტელეფონის სიგნალი დაფიქსირდა.

გარდაცვალების მიზეზზე ჯერ არ საუბრობენ. ამასთან პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიასაც განიხილავს.

მოგვიანებით გასაჯაროვდა სეულის მერის წერილი: "ბოდიშს გიხდით. მადლობას გიხდით ყველას, ვინც ჩემს ცხოვრებაში იყო".

როგორც BBC წერს, ცნობილი გახდა, გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, რომელიც სექსუალურ ძალადობას ეხებოდა. თუმცა ამ ორ მოვლენას შორის კავშირზე დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.

პარკ ვონ სუნი სეულის მერად 2011 წელს აირჩიეს და მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გადაირჩიეს. მას სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად განიხილავდნენ.