ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო უკვე მე-10 დღეა არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მუშაობის საშუალებას არ აძლევს. ამ თემაზე პოსტი მან საკუთარ ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

შენგელიას წერს, რომ გუშინ 9 ივლისს მიიღო წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ 25 ივნისის გადაწყვეტილებით 19 ივნისიდან 15 ივლისამდე პროგრამასთან წვდომა შეუწყდა.

"15 ივლისიდან აპირებენ ფეისბუქ-პოსტების გამო შემიჩერონ საქმიანობა უფრო დიდი ხნით, ამ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ველოდები. ორშაბათს გენერალურ პროკურატურას მივმართავ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, სისხლის სამართლის კოდექსის 381,2 მუხლით. სანქცია — სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს უკვე მეორე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, არადა სულ რაღაც სამი კვირა გავიდა 19 ივნისიდან", — წერს ბაჩანა შენგელია.

მისი თქმით, ორივე საქმის შემთხვევაში შესაბამისი მტკიცებულებები აქვს.

ბაჩანა შენგელიამ 24 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომ მას იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა კანონიერი საფუძვლის გარეშე, პოლიტიკური ნიშნით შეუზღუდა. On.ge-სთან საუბარში იგი ჰყვებოდა, რომ მას 18 ივნისს გაუთიშეს სერვერი. მისივე თქმით, მუშაობის შეზღუდვიდან ოთხი დღის შემდეგ, 22 ივნისს აღძრეს დისციპლინური საქმე მის წინააღმდეგ, "აბსურდული და გაურკვეველი მიზეზით".

29 ივნისს შენგელიამ გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წერილი, სადაც წერია, რომ ნოტარიუსად მუშაობა პოლიტიკური შეფასებების გამო შეუზღუდეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შენგელიას ფეისბუქს ერთი თვის განმავლობაში ამოწმებდნენ, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ ბაჩანა ის "ახორციელებდა მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდა პოლიტიკურ შეფასებებს".

იუსტიციის მინისტრმა ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერების შესახებ ოპოზიციის კითხვებს პარლამენტში უპასუხა. თეა წულუკიანის თქმით, ნოტარიატის შესახებ კანონით, პოლიტიკურ საქმიანობაში ნოტარიუსის ჩარევა აკრძალულია. მან ოპოზიციას მოუწოდა, ნუ "აპოლიტიზებს" თემას და ნუ აფიქრებინებენ, რომ "ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის".

პირველ ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას განცხადება დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს სანოტარო საქმიანობის სისტემასთან წვდომის აღდგენა დაავალა.

თუმცა, სასამართლო განჩინების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ მას სანოტარო საქმიანობის უფლება არ აღუდგინა. სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, შენგელიამ აღსრულების ბიუროს მიმართა.