ტელემაუწყებლების, რადიომაუწყებლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონსა და მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი არ უნდა დაუჭიროს. ამის შესახებ მათ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენის დაწყებამდე განაცხადეს.

მათი აზრით, ეს გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი და არაპროპორციულად დიდი მოცულობით ჩარევაა.

როგორც საიას იურისტი, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, კანონპროექტის განმარტებით ბარათში "საშიშ" სიტყვებს იყენებენ და ამბობენ, რომ ეს ცვლილებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებით არის გამოწვეული. თუმცა, მისი თქმით, არავის დაუსაბუთებია, კონკრეტულად რას გულისხმობენ აღნიშნულ განმარტებაში.

"ეს კანონპროექტი საიდან გაჩნდა და საიდან მოვიდა, არ ვიცით. ასე უცებ, ნაჩქარევად შემოიტანა კომისიამ ეს პარლამენტში და არ ვიცით რა დასაბუთებით მოიტანა. ზოგადად, წერენ, რომ ეს არის საჭირო სახელმწიფო-საზოგადოებრივი ინტერესებისთვის, მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, კონკრეტულად რატომ, ამას განმარტებით ბარათში სანთლით რომ ვეძებოთ, ვერ ვიპოვით", - განაცხადა სიმონიშვილმა

როგორც იურისტი ამბობს, თუ აღსრულების მექანიზმის საჭიროებაა, მაშინ ეს კანონში დაინტერესებული პირების ჩართულობით უნდა ჩაიწეროს.

"თუ არსებობს ინტერესი იმის, რომ შეიქმნას რაღაც აღსრულების მექანიზმები, ეს უნდა დაიწეროს დაინტერესებული პირების ჩართულობით და არა ისე ქურდულად და ჩუმად, როგორც დაიწერა" - განაცხადა სიმონიშვილმა.

ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის შესახებ კანონებში ცვლილების ინიციატორი მთავრობა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა. კანონპროექტს დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე განიხილავენ. განხილვას ესწრება კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურიც.

ცვლილებები, რომლებსაც მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას აძლევს.

კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.

მედიის სფეროს წარმომადგენლები და იურისტები ფიქრობენ, რომ კანონპროექტი არამხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების მქონე კომპანიებს, ინტერნეტ ან მობილურ პროვაიდერებს ეხებათ, არამედ ამ ცვლილებების მიზანი მაუწყებლთა ნაწილის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის შემოტანის მცდელობაა.