პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მორიგ ჯერზე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმე "პოლიტიკურ შეფერილობას" იღებს. მისი თქმით, გამოძიების შეფასება შეიძლება მას შემდეგ, რაც დასრულდება. ჟურნალისტების კითხვას, თავად თუ უჩნდება კითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით, გახარია პასუხობს:

"მე თუ კითხვები მიჩნდება, მე ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომელიც სანამ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ გამოძიების პროცესი არ დამთავრებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას. ეს არის მთავარი ამოცანა. გამოძიება რომ დასრულდება და შედეგი გამოძიების რომ იქნება, უკვე შემდგომ შეიძლება ამ გამოძიებების გარკვეული ყველა მხრიდან შეფასება. მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის მიუღებელი. არასამართლიანი კიარა, ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირ ფასეულობებს მიღმაა", — თქვა გახარიამ.

ჟურნალისტებმა მას ასევე ჰკითხეს, მისი აზრით, პოლიციამ შეასრულა თუ არა თავისი დანიშნულება, რაზეც გახარიას პასუხია, რომ მთავარია გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს, ხოლო თუ რომელიმე სამართალდამცავმა შეცდომა დაუშვა, ამას პროკურატურა გამოიძიებს, თუმცა არ უნდა იყოს "ჭორაობის საგანი".