პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები უნდა მოისმინოს და დემოკრატიზაციის პროცესი ისე გააგრძელოს, როგორც აქამდე. ამ თემაზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს, უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში რა ხდება, მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის მცდელობა წინასააჩევნო პერიოდში შიდაპოლიტიკურ კონტექსტში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის, რაც ჩვენთვის გასაგებია, ჩათვალეთ, რომ დღეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ის კი არ არის, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე ერთი ამბავი ავტეხოთ, არა, ეს უნდა მოვისმინოთ და გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიზაციის პროცესი ზუსტად ისე, როგორც ვაკეთებდით აქამდე", — თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ქართული ოცნებისთვის "სიგნალი" არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების შესახებ საერთაშორისო პლატფორმებზე ისმის.

აშშ-ს საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პირობების შეუსრულებლობისას, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15 პროცენტის "დაკავებას" ითვალისწინებს. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის ჯამში $132 025 000-ის გამოყოფაზე. კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ კანონპროექტი გავიდა 29 ხმით, 21-ის წინააღმდეგ.

საერთო ჯამში, პროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სხვა საერთაშორისო პროგრამებისა და აქტივობების დაფინანსება.

კანონპროექტის თანახმად, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2021 წლისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15 პროცენტი "დააკავოს", მანამ, სანამ მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთის ეფექტიან ნაბიჯებს არ გადადგამს შემდეგი მიმართულებით

  • დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით;
  • მთავრობაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, მათ შორის, ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების შემოღებით;
  • უზრუნველყოს კანონის უზენაესობა კერძო სექტორში, რას შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან, მათ შორის, უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვით, რათა შეეძლოთ შევიწროვების გარეშე ოპერირება და საქართველოში განხორციელებული ინვესტირების შედეგად ფინანსური სარგებლის მიღება.