საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოსახლეობას პარტიებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ. - აცხადებენ პარტიაში ლელო საქართველოსთვის

პარტია ლელო საქართველოსთვის გორის ორგანიზაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას უნდა შეხვედროდნენ. სოფლის შესასვლელთან საქართველოს შსს-ს საპოლიციო საგუშაგოზე ისინი შეაჩერეს და სოფელში აღარ შეუშვეს.

ლელო საქართველოსთვის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე იმ ფაქტს, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში პარტიის წევრები არ შეუშვეს, პოლიტიკური დევნის კლასიკურ მაგალითს უწოდებს.

"საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაპირებდით დიცში ჩასვლას. სამწუხაროდ, პოლიციამ ტერიტორიაზე არ შეგვიშვა და არც პასუხი გაგვცა, თუ რა მიზეზის გამო არ გვიშვებდნენ. ჩვენი კონსტიტუციური უფლება საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესახებ ირღვევა, სოფელში მოსახლეობა გველოდებოდა, მათთან ლელოს საარჩევნო პროგრამის შესახებ უნდა გვესაუბრა, მაგრამ ვერ შევედით და უკან გამოვბრუნდით. პრეტენზია არ მაქვს პოლიციასთან, რადგან ისინი ასრულებენ ზემდგომის დავალებას. სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი, რომელსაც ლელო დაასრულებს. ხელისუფლებას კი ვპირდები, რომ ამ სოფელში აუცილებლად ჩავალთ და ამ მოძალადე რეჟიმის გადადგომას ვიზეიმებთ", - აცხადებს პაპუნა კობერიძე.