აშშ-ს საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პირობების შეუსრულებლობისას, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15 პროცენტის "დაკავებას" ითვალისწინებს. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის ჯამში $132 025 000-ის გამოყოფაზე. კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ კანონპროექტი გავიდა 29 ხმით, 21-ის წინააღმდეგ.

საერთო ჯამში, პროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სხვა საერთაშორისო პროგრამებისა და აქტივობების დაფინანსება.

კანონპროექტის თანახმად, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2021 წლისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15 პროცენტი "დააკავოს", მანამ, სანამ მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთის ეფექტიან ნაბიჯებს არ გადადგამს შემდეგი მიმართულებით

  • დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით;
  • მთავრობაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, მათ შორის, ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების შემოღებით;
  • უზრუნველყოს კანონის უზენაესობა კერძო სექტორში, რას შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან, მათ შორის, უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვით, რათა შეეძლოთ შევიწროვების გარეშე ოპერირება და საქართველოში განხორციელებული ინვესტირების შედეგად ფინანსური სარგებლის მიღება.

"სახსრების 15 პროცენტი არ გამოიყოს, სანამ სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ანგარიშს კომიტეტებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კორუფციასთან საბრძოლველად და კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, რაც შესაბამისი იქნება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან", — წერია დოუკუმენტში.

კანონპროექტში საუბარია დახმარების არგამოყოფის გამონაკლის შემთხვევებზეც, რომლის მიხედვით, სახსრების შეჩერება არ უნდა შეეხოს იმ პროგრამებს, რაც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, იმ პროგრამებსაც, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობისა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ძალადობის შემცირებისთვისაა.

კანონპროექტს ახლავს განმარტებითი ანგარიში, სადაც ახსნილია ის კონკრეტული პირობები, რომლის არშესრულების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს მთავრობას დახმარების 15 პროცენტი არ გამოუყონ:

  • რამდენად ეფექტიანად ხორციელდება საარჩევნო რეფორმა;
  • რამდენად იცავს სასამართლო დამოუკიდებლობას, მათ შორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან;
  • რამდენად ეფექტიანად ახორციელებს პოლიტიკას ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საჯარო ინფორმაციასთან წვდომის კუთხით;
  • რამდენად დაცულია სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებები და მედიის თავისუფლება;
  • რამდენად ზღუდავს მთავრობა ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.