ქართული საი-ფაის მიერ სწორად ნაწინასწარმეტყველები ტექნოლოგიური სიახლეები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

სამეცნიერო ფანტასტიკის გავლენა რეალობაზე

სამეცნიერო ფანტასტიკა ხშირად გამხდარა ტექნოლოგიური განვითარებისთვის შთაგონების წყარო. ამიტომ ზოგჯერ რთულია იმის დანამდვილებით თქმა, მწერალმა იწინასწარმეტყველა მომავალი სწორად, თუ მისმა ნააზრევმა მისცა ბიძგი გარკვეულ პროგრესს.

ჟანრის ეს ძალა და პოტენციალი განათლებისა თუ პოლიტიკის სფეროში მრავალთვის კარგად ნაცნობია. აი, მაგალითად, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, 2012 წელს შეიქმნა "პროექტი იეროგლიფი", რომლის მიზანიც სამეცნიერო ფანტასტიკურ წარმოსახვასა და სამეცნიერო კვლევას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაა. მის წესდებაში ვკითხულობთ: "პროექტის სახელი მომდინარეობს იმ დაშვებიდან, რომ საი-ფაიში წარმოდგენილი საკულტო გამოგონებები — იქნება ეს ართურ კლარკის საკომუნიკაციო თანამგზავრი, რობერტ ჰაინლაინის კოსმოსური რაკეტა, რომელიც მიწაზე საკუთარ კილებზე ეშვება, აიზეკ აზიმოვის რობოტი თუ სხვა — თანამედროვე იეროგლიფების როლს ასრულებენ".

როგორც აღვნიშნე, საი-ფაის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება არც დიდი პოლიტიკისთვისაა უცხო. არიზონას უნივერსიტეტის პროექტამდე დიდი ხნით ადრე, რონალდ რეიგანის პრეზიდენტობისას, აშშ-ში ფუნქციონირებდა "მოქალაქეების მრჩეველთა საბჭო სახელმწიფო კოსმოსურ პოლიტიკაზე", რომელიც ასტრონავტების, სამხედრო პირებისა და მეცნიერების გარდა სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლებსაც აერთიანებდა.

ფოტო: Jason Hoffman / Thrillist

თუმცა მსგავსი მაგალითები იმ ტიპის ქვეყნებში გვხდება, რომლებიც ტექნოლოგიურ წინსვლას სათავეში უდგანან. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ქართულმა სამეცნიერო ფანტასტიკამ რაიმე გარღვევას დაუდო დასაბამი, რბილად რომ ვთქვათ, გაზვიადებული იქნებოდა. ამის მიუხედავად, გასული საუკუნის განმავლობაში ამ ჟანრში შექმნილ ქართულ ტექსტებში მრავალი ტექნოლოგიური გამოგონება გასაოცარი სიზუსტითაა ნაწინასწარმეტყველები.

თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართულ ნაწარმოებებში გადმოცემული ზოგიერთი ტექნოლოგიური სიახლე დასავლურ საი-ფაის არაერთ ტექსტშიც გვხვდება. მაგრამ ეს ჩვენი მწერლების გამომგონებელ-შემოქმედის ალღოს ოდნავადაც არ აკნინებს. ამის მიზეზი კი თავად ჟანრის ინტერტექსტუალურ-მეგატექსტური ბუნებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟანრის შიგნით კანონიკურად მიჩნეული მომავლის პროგნოზების გამოყენება, განვრცობა ან სახეცვლა საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა.

ქვემოთ ქართველი საი-ფაი მწერლების იმ რამდენიმე წინასწარმეტყველებას გაგაცნობთ, რომელიც დღეისთვის უკვე რეალობადაა ქცეული.

სკაიპი — ალექსანდრე აბაშელის ქალი სარკეში (1930 წელი)

ფოტო: გამომცემლობა "მერანი"

გარდა იმისა, რომ ქალი სარკეში პირველი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკური ტექსტია, ის ჩვენი ქვეყნის ლიტერატურული ტრადიციიისთვის სხვა არაერთი დამსახურების გამოც უნდა ჩაითვალოს უმნიშვნელოვანეს ტექსტად. აქ ამ დამსახურებათა მიმოხილვის არც ადგილია და არც დრო, მაგრამ აბაშელის მიერ აღწერილ ერთ ტექნოლოგიაზე აუცილებლად მოგიყვებით.

რომანის მიხედვით, მას შემდეგ, რაც უსადენო ელექტროენერგიის გამოგონებაზე მომუშავე თბილისელი ინჟინერი, გურგენ კამარელი ბინაში უცნაური გარეგნობისა და ქცევის მქონე კოლეგას შეიკედლებს, ამ უკანასკნელისთვის გამოყოფილ ოთახში საოცარ სანახაობას შეესწრება: ის კედელზე ჩამოკიდებულ "შავი სარკის მაგვარ დაფას" და მის კუთხეში დამაგრებულ ყუთს დაინახავს. ყუთში აღმოჩნდება "პატარა ბარომეტრისებური აპარატი ბორბლით, ზარით და ხუთიოდე სანტიმეტრის სიგრძის ნიკელის ტარით". კამარელი ტარს დაატრიალებს, ზარი დაირეკება და "დაფაში, როგორც განათებულ სარკეში" ქალის გამოსახულებას დაინახავს.

ამ დანადგარს აბაშელი "შორეული ხილვის ეკრანს" უწოდებს, თუმცა ის საოცრად ჰგავს ინტერნეტში ჩართულ თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერს, რადგან, როგორც მოგვიანებით გაირკვევა, ეკრანზე აღმოჩენილი ქალი, არც მეტი არც ნაკლები, მარსზე იმყოფება და თბილისელ მეცნიერს ვიდეოზარის მეშვეობით ესაუბრება.

ჰოლოგრამა — ივანე ყიფიანის ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ (1935 წელი)

ივანე ყიფიანის ეს რომანი უპირობოდ გამოირჩევა ტექნოლოგიური სიახლეების სიუხვით: ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკაში არ მოიპოვება სხვა ტექსტი, რომელშიც მომავლის სამყარო ასე დეტალურადაა აღწერილი. ყიფიანი მრავალ გამოგონებაზე გვესაუბრება, რომელთაგან ბევრი დღემდე ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. თუმცა მწერალს რამდენიმე სწორი პროგნოზიც აქვს გაკეთებული და ერთ-ერთი მათგანი ჰოლოგრამული ტექნოლოგიაა.

რომანში ვკითხულობთ, რომ მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან მომავლის სამყაროში გამოფხიზლებული პროტაგონისტი, მეცნიერი გიორგი მოგელი, გადასხვაფერებული რეალობისგან მიღებული შოკის და გაუცხოების დაძლევას ცდილობს, როცა რაღაც ზედმეტად ნაცნობს და მშობლიურს მოჰკრავს თვალს. უცხო შენობის დარბაზში აღმოჩენილი, ის ჯერ უსინათლო მოხუცის მიერ ბერძნულ ენაზე შესრულებულ ლექსებს მოისმენს "ილიადადან", ცოტა ხნის შემდეგ კი სცენაზე შოთა რუსთაველიც გამოვა და "მაღალი ხმით ვეფხისტყაოსნის კითხვას" დაიწყებს.

გიორგის თავდაპირველად ეს გამოსახულებები მსახიობები ჰგონია. თუმცა მოგვიანებით, როცა ის ვაჟა-ფშაველასაც პირადად შეხვდება, მას აუხსნიან, რომ ეს ფიგურები სპეციალური "აპარატისგან" არიან "გამოწვეულნი" და ისტორიული პირების იდენტობები მათ ნაწერებზე დაყრნობით აქვთ მორგებული.

ფოტო: გამომცემლობა "მერანი"

ფოტო: გამომცემლობა "მერანი"

ელექტრონული მედია — ივანე ყიფიანის ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ (1935 წელი)

როგორც აღვნიშნეთ, ივანე ყიფიანის ტექსტი ტექნოლოგიური სიახლეებითაა დახუნძლული, ამიტომ მწერლის კიდევ ერთ გამართლებულ პროგნოზზეც მოგიყვებით.

უცხო რეალობაში ქუჩაში პირველად აღმოჩენილი გიორგი სიტუაციაში გასარკვევად გამვლელს ჰკითხავს, გაზეთის შეძენა სად შეუძლია. ეს უკანასკნელი პასუხად ჯიბიდან "მოშავო, თხელ რკინას" ამოიღებს და გაუწვდის. გიორგის ეს ნივთი "გაზეთის მისაღები მარკა" ეგონება, თუმცა ალბათ უჩემოდაც მიხვდით, რომ ჩვენი პროტაგონისტი ამჯერადაც შეცდება.

"თხელი რკინის" საიდუმლოს ფარდა მაშინ აეხდება, როცა გიორგი მასპინძელი ოჯახის ბიბლიოთეკაში შევა და, მისდა გასაკვირად, წიგნების ნაცვლად ხელში "თხელი ფირფიტები" შერჩება. მასპინძელი მას აუხსნის, რომ თითო ფირფიტაზე მთლიანი წიგნია მოქცეული და მათი წაკითხვა "გამადიდებელი აპარატებითაა" შესაძლებელი.

ამასთან, ვიგებთ, რომ ტექსტთა გაციფრულება მედიასაც შეეხო: მომავლის დედამიწაზე მხოლოდ ერთი ელექტრონული გაზეთი, "სამყარო" გამოდის, რომელიც წარმოუდგენლად დიდი მოცულობის მასალითააა სავსე. "იგი დაყოფილია თავებად, ეს თავები განსაკუთრებულად იწყობა. მაგალითად: ქრონიკა, ტექნიკა, გამოგონება და სხვა. მაგალითად, ჰუმორისტ ზ-ს ლექსს ეძებთ? ჯერ ფირფიტას დააყენებთ ხელოვნებაზე, შემდეგ პოეზიაზე, ჰუმორზე, ზ-ზე და ხელად იპოვით მას, რასაც ეძებდით".

მგონი, ამ აღწერიდან იმის მტკიცებაც კი შეიძლება, რომ ივანე ყიფიანმა 1935 წელს ინტერნეტი და გუგლიც კი იწინასწარმეტყველა.

ჯეტპეკი — ნუგზარ აფხაზავას ღმერთო ჩემო, გახსოვს?! (1982 წელი)

სამწუხაროდ, 30-იანი წლების მერე ქართული საი-ფაი სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე კონცენტრირდა და რეალისტური ტექნოლოგიური პროგნოზების გაკეთებით ნაკლებად ინტერესდებოდა. ნუგზარ აფხაზავას ეს პატარა მოთხრობაც უფრო სასიყვარულო ამბავია, ვიდრე მომავლის საზოგადოების მოწყობაზე რეფლექსია. თუმცა ის დეტალი, რაც ამ ნაწარმოებს სამეცნიერო ფანტასტიკად აქცევს, მართლაც დეტალურადაა განხილული.

საქმე ისაა, რომ წყვილი, ნანი და სოსო, რომლის ისტორიასაც ვეცნობით, დიალოგს ცაში მართავს, რადგან მათ "ანტიგრავიტაციული კომბინეზონების" გამოცდა ავალიათ. ექსპერიმენტული საფრენი აპარატის მინუსი ისაა, რომ "პორტატულ რეაქტიულ ძრავას" იყენებს, რომლის ენერგიაც საწვავის გათავებისთანავე იწურება.

დამეთანხმებით, ეს მთლიანი აღწერა თანამედროვე, ჯერ კიდევ განვითარების პროცესში მყოფ ჯეტპეკების ტექნოლოგიას ნამდვილად წააგავს.

ვიწრო ხელოვნური ინტელექტი — შოთა გაგოშიძის ოპერაცია დინოზავრი (1988 წელი)

ფოტო: გამომცემლობა "ნაკადული"

მოთხრობა ოპერაცია დინოზავრი იმ უცხოპლანეტელებზე გვიყვება, რომლებიც პრეისტორიულ ხანაში დედამიწაზე დაეშვნენ და, არც მეტი არც ნაკლები, დინოზავრები გადააშენეს. ამის მიზეზი კი პლანეტაზე გონიერი არსებების ევოლუციისთვის ხელის შეწყობა იყო.

უცხოპლანეტელები თავიანთი ნამოქმედარით იმდენად ამაყები არიან, რომ დედამიწაზე 60 მილიონი წლის გასვლის მერე თავიანთი ექსპერიმენტის შედეგის სანახავად ბრუნდებიან. იმისთვის, რომ გაარკვიონ, როგორ განვითარდა პლანეტაზე ცხოვრება, ისინი ხომალდის "კიბერტვინს" იყენებენ, რომელიც კომპლექსურ გამოთვლებს წამებში ასრულებს. მაგალითად, "უსაზღვრო შესაძლებლობების კიბერტვინი", რომელიც უცხოპლანეტელთა "მშობლიური პლანეტის მიერ მილიონობით წლების განმავლობაში დაგროვილი მთელი ცოდნის მარაგს ფლობს", დედამიწის რადიო და ტელეგადაცემებს მოუსმენს და ოცამდე ენას უმალ გაშიფრავს, "რაც სავსებით საკმარისი აღმოჩნდ[ებ]ა დანარჩენთა გასაგებადაც".

მართალია, გაგოშიძე სუპერტვინის მუშაობის პრინციპებს არ გვიზიარებს, მაგრამ სწორედ ეს ბუნდოვანება გვაძლევს იმ ვარაუდის გაკეთების უფლებას, რომ ჭკვიანი და უსწრაფესი დანადგარი ვიწრო ხელოვნური ინტელექტის პრინციპით შეიძლება მუშაობდეს. კი, შეიძლებოდა, კიბერტვინისთვის ზოგადი ხელოვნური ინტელექტიც გვეწოდებინა, მაგრამ რადგან მის მთავარ ამოცანას მათემატიკური გამოანგარიშებები და ალგორითმების შესრულება შეადგენს — თან, ამასთან, ის არანაირი პიროვნული მახასიათებლით არ გამოირჩევა — მის იმ ტექნოლოგიასთან დანათესავება მეტად ლოგიკური ჩანს, რაც დღეს რეალობაში უკვე მოგვეპოვება.

ბონუსი: პანდემია და საკარანტინო ზომები — ედიშერ ყიფიანის დროთა კავშირი (1967 წელი)

კი, გეთანმხებით, პანდემია არც ტექნოლოგიურია და, ამასთან, არც სიახლე. თუმცა რადგან ედიშერ ყიფიანის ეს ნაწარმოები ერთადერთია გასული საუკუნის ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკურ ლიტერატურაში, რომელიც დღეისთვის ასეთ აქტუალურ თემას ეხება, გულგრილად გვერდს ვერ ავუვლიდით.

ფოტო: გამომცემლობა "ნაკადული"

დროთა კავშირში დედამიწაზე მომხდარი გლობალური პანდემიის შესახებ მაშინ ვიგებთ, როცა კოსმოსურ მოზგაურობაში ჩვენი პლანეტის დროით 12 წლით წასული გმირები უკან ბრუნდებიან. მათ დედამიწაზე დაშვებამდე ორბიტაზე სახელდახელოდ აშენებულ "ხელოვნურ პლანეტაზე" დაფრენა უწევთ, რათა საკარანტინე პროცედურა გაიარონ. მას შემდეგ, რაც ხომალდის ჰაერის და ეკიპაჟის სისხლის სინჯებს აიღებენ და დარწმუნდებიან, რომ მათ თან ვირუსი ან ბაქტერია არ ჩამოჰყოლიათ, კოსმონავტებს პლანეტაზე დაშვების უფლება მიეცემათ.

ჩვენ ამბის პროტაგონისტებთან ერთად ვიგებთ მსგავსი სიფრთხილის მიზეზს: თურმე, კატასტროფული სენი, რომელიც ცხოველებს არაფერს აკლებდა, მსოფლიოს საახალწლო დღესასწაულების წინ მოედო: "ფარხმალდაყრილები იყვნენ გამოჩენილი ექიმები და პროფესორები, წერა-კითხვის უცოდინარებივით ატრიალებდნენ ხელში ავადმყოფთა სისხლის ანალიზებს, თავს იტეხდნენ და ვერ გამოეცნოთ, რა იყო ის ახალი ბაქტერია, ასე თავხედურად რომ დაცურავდა მიკროსკოპის მინის ქვეშ, კლავდა უჯრედებს და თვითონ ბატონდებოდა".

თუ როგორ მოახერხებს კაცობრიობა ამ სენის დამარცხებას, აქ აღარ გაგიმხელთ, თუმცა იმას კი გეტყვით, რომ ყველაფერი ისე სულაც არ აღმოჩნდება, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ისრაელმა ირანული რაკეტა დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე გაანადგურა — როგორ
  2. უკვე ცნობილია, რამ გამოიწვია ყველა დროის უდიდესი კოსმოსური აფეთქება
  3. ასტეროიდმა დედამიწას მთვარეზე 30-ჯერ ახლოს ჩაუარა — ის 2 დღით ადრე აღმოაჩინეს
  4. ტესტი: აირჩიე "წვეტიანი კითხვა" და მასწავლებელი გიპასუხებს — ნაწილი II
  5. 4.22 მილიარდი წლის წინ მთვარის მანტია "ამოტრიალდა" — კვლევა

გირჩევთ