იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს საბიუჯეტო კომიტეტის კანონპროექტის სერიოზულ დოკუმენტად გადაქცევაზე მსჯელობა არასერიოზულია. აშშ-ს კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის კანონპროექტის განმარტებით ანგარიშში ახსნილია ის კონკრეტული პირობები, რომლის არშესრულების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს მთავრობას დახმარების 15 პროცენტი არ გამოუყონ. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის ჯამში $132 025 000-ის გამოყოფაზე.

იმის საჩვენებლად, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ს კონგრესის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს, ოხანაშვილი პარალელს საქართველოს პარლამენტში ემზარ კვიციანის მიერ კანონპროექტის ინიცირებასთან ავლებს და ამბობს, რომ არც კვიციანის და არც კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის კანონპროექტი არ ასახავს საკანონმდებლო ორგანოების პოზიციას.

"წარმოიდგინეთ, რომ პარლამენტის ერთმა წევრმა, მაგალითად, ემზარ კვიციანმა, დააინიცირა ასეთი პროექტი. ეს ხომ არ გამოხატავს პარლამენტის და მითუმეტეს, მმართველი პარტიის განწყობას? რა თქმა უნდა, არასერიოზულია იმაზე მსჯელობა, რომ ეს იდეა იქცეს რაიმე სერიოზულ დოკუმენტად", — განაცხადა ოხანაშვილმა.

შშ-ს კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის კანონპროექტის განმარტებით ანგარიშში წერია, რომ სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს, საქართველოს მთავრობა რამდენად ეფექტიან ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კერძოდ, მხედველობაში მიიღებს შემდეგ გარემოებებს:

  1. რამდენად ეფექტიანად ხორციელდება საარჩევნო რეფორმა;
  2. რამდენად იცავს სასამართლო დამოუკიდებლობას, მათ შორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან;
  3. რამდენად ეფექტიანად ახორციელებს პოლიტიკას ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საჯარო ინფორმაციასთან წვდომის კუთხით;
  4. რამდენად დაცულია სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებები და მედიის თავისუფლება;
  5. რამდენად ზღუდავს მთავრობა ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

რაც შეეხება ზოგადად საქართველოსთვის დახმარების გამოყოფის მიზნობრიობას, განმარტებით ანგარიშში წერია, რომ კომიტეტი მიმართავს სახელმწიფო მდივანსა და USAID-ის ადმინისტრატორს, პრიორიტეტები მიანიჭოს იმ პროგრამებს, რომლებიც კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

"რუსეთის მთავრობის მხრიდან არსებული საფრთხეები ხაზს უსვამს აშშ-ს დახმარების მნიშვნელობას პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთის, მათ შორის საქართველოსთვის", — წერია დოკუმენტში.

კომიტეტი აღნიშნავს და მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, საქართველოს პარლამენტში მეტი პროპორციული წარმომადგენლობისთვის.

7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2021 წლისთვის საქართველოს გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15 პროცენტი "დააკავოს", მანამ, სანამ მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთის ეფექტიან ნაბიჯებს არ გადადგამს:

"სახსრების 15 პროცენტი არ გამოიყოს, სანამ სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ანგარიშს კომიტეტებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კორუფციასთან საბრძოლველად და კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, რაც შესაბამისი იქნება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან".

კანონპროექტში საუბარია დახმარების არგამოყოფის გამონაკლის შემთხვევებზეც, რომლის მიხედვით, სახსრების შეჩერება არ უნდა შეეხოს იმ პროგრამებს, რაც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, იმ პროგრამებსაც, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობისა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ძალადობის შემცირებისთვისაა.