საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) კვლევის მიხედვით, ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის 2019 წელს ქართული ოცნების შემდეგ ყველაზე მეტი შემოსავალი საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ჰქონდა. ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეული ასე გამოიყურება:

  • ქართული ოცნება — 9 502 653 ლარი;
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი — 1 676 618 ლარი;
  • ევროპული საქართველო — 1 643 099 ლარი.

კვლევის თანახმად, 2019 წელს პატრიოტთა ალიანსმა 1 623 968 ლარი სახელმწიფო დაფინანსების სახით მიიღო, 33 000 ლარი კი შემოწირულობების.

რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მმართველმა პარტიამ 2019 წელს ბიუჯეტიდან 2 464 566 ლარი მიიღო, ხოლო შემოწირულობებით — 7 036 166. ევროპულ საქართველს გასულ წელს ბიუჯეტიდან 1 353 117 ლარი აქვს მიღებული, ხოლო შემოწირულობებით — 289 982.

რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსის ხარჯებს, მან 2019 წელს 453 306 ლარი შრომის ანაზღაურებაზე დახარჯა, რეკლამაზე კი — 162 024 ლარი. რეკლამაში გაწეული ხარჯების სიდიდის მიხედვით, ქართული ოცნების შემდეგ პატრიოტთა ალიანსი მეორე პარტიაა.