"ბედნიერი ვარ, რომ ევროპალიგის მოქმედ ჩემპიონებს შემოვუერთდი", — ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული არმიის კლუბში ცსკა-ში გადასვლას. მისი თქმით, სულმოუთქმელად ელის, როდის შეძლებს საოცარ კალათბურთელებთან ერთად თამაშს.

"იმედი მაქვს, რომ ცსკა-სთან ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებას ევროპალიგაზე და VTB ლიგაზე", — შენგელიას ეს ციტატები კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, რასაც კალათბურთელმა რეტვიტი გაუკეთა.

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "გელოდებით მოსკოვში", — წერია ქართულად და ინგლისურად ვიდეოზე, რომელშიც ამ ფაქტის აღსანიშნად კლუბმა გაავრცელა.

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. ვებგვერდზე მათ დაწერეს:

"შეგახსენებთ, რომ შენგელიას ესპანურ ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს. ქართველი ლეგიონერი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და სულ ახლახანს, მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შენგელია ბასკონიელთა კაპიტანი და უპირველესი ლიდერი იყო ბოლო წლების განმავლობაში".

თორნიკე შენგელიას გადასვლაზე ინფორმაცია რამდენიმე თვეა ვრცელდება, თუმცა აქამდე არ დადასტურებულა. 7 ივლისს ამ საკითხს შენგელიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა. მისი თქმით, ამ გუნდში წასვლით ან არ წასვლით საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება.

"იმედიც მაქვს, რომ ჩემი ქვეყნის და ხალხის დამოკიდებულებაც ჩემ მიმართ არ შეიცვლება. ჩემს პატრიოტიზმზე და სიყვარულზე სამშობლოს მიმართ, რამე ახსნა-განმარტებების დაწყება, ცოტა უცნაურად მიმაჩნია, სიმართლე გითხრათ", — თქვა მან.

შენგელიას განცხადებით, ერთადერთი სერიოზული შემოთავაზება და დაინტერესება ცსკა-სგან ჰქონდა და მათთან მოლაპარაკებებს აგენტი აწარმოებდა.