The Boys ეკრანებზე ბრუნდება — რა თქმა უნდა, ბიჭები კორონავირუსის პანდემიამაც კი ვერ შეაშინა.

ფოტო: Amazon

გასულ წელს გამოსული სუპერგმირების შესახებ გადაღებულმა ამ სერიალმა მალევე მრავალი მაყურებლის გული მოიგო, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ შოუს გაგრძელებას და აი, უკვე შეგვიძლია მომავალი სეზონის მოლოდინები პირველი ტრეილერით შევიმსუბუქოთ — ან სულაც პირიქით.

Amazon Prime Video-ს მიერ გამოქვეყნებულ ტრეილერში ჩანს, რომ ყველაფერი ის, რაც პირველ სეზონში მოგვეწონა, მეორე სეზონში უფრო დიდი დოზით ვიხილავთ:

შავი იუმორით, პოლიტიკური სატირითა და თვითირონიული სიუჟეტური ხაზით გამორჩეული ეს სერიალი ამავე სახელწოდების მქონე კომიქსების სერიის მიხედვით გადაიღეს, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში არსებულ სუპერგმირებს სრულიად სხვა კუთხით გვაჩვენებს.

სწორედ ამის დამსახურებით მიიზიდა მრავალი მაყურებელი სერიალმა სულ მცირე დროში და ძირითადად როგორც კრიტიკოსებისგან, ისე ჟანრის მოყვარულებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. როგორც The Boys-ის შემქმნელები გვპირდებიან, ახალ სეზონში ამ ატმოსფეროს შეინარჩუნებენ და კიდევ უფრო შთამბეჭდავ სანახაობას შემოგვთავაზებენ.

მეორე სეზონის პრემიერა 4 სექტემბერსაა დაგეგმილი: Amazon-ის ჩვეული სტრატეგიის მიხედვით, პრემიერის დღეს ერთდროულად სამი ეპიზოდი გამოვა, ყოველ მომდევნო პარასკევს კი თითო სერიას გამოუშვებენ. სეზონში სულ რვა ეპიზოდია და მისი ფინალი 9 ოქტომბერს შედგება.

ისღა დაგვრჩენია, ჩვენი-ჩვენი მოსასხამები მოვისხათ და ამ ნამდვილ სუპერგმირებს მომზადებულები დავხვდეთ — ვინ იცის, რას გვიმზადებენ.