Netflix-მა The Umbrella Academy-ის მეორე სეზონის ტრეილერი გამოუშვა, რომელშიც ჰარგრივზების ოჯახის დროში მოგზაურობის თავგადასავლები კიდევ ორი ახალი აპოკალიფსის შეჩერების მცდელობით გრძელდება.

Netflix-ის ეს სერიალი ჯერარდ ვეისა და გაბრიელ ბას მიერ Dark Horse Comics-ისთვის შექმნილ ამავე სახელწოდების კომიქსის მიხედვითაა გადაღებული და ის სუპერგმირი და-ძმების დისფუნქციური ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. შოუს უცნაურ პერსონაჟებს განასახიერებენ ელენ პეიჯი, ტომ ჰოპერი, დავიდ კასტანედა, ემი რეივერ-ლამპმენი, რობერტ შიენი და ეიდენ გალაგერი.

The Umbrella Academy-ის მეორე სეზონის ახალგამოსული ტრეილერი ორჯერ უფრო მეტ მოქმედებას და უცნაურობებს გვპირდება, თანაც ამჯერად პერსონაჟებს სამყაროს აღსასრულის რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტისთვის მოუწევთ გვერდის ავლა. იხილეთ მეორე სეზონის ტრეილერი ქვემოთ:

სერიალის პირველ სეზონში ჰარგრივზების ოჯახი მათი მამინაცვლის გარდაცვალების დეტალების შეკავშირებას ცდილობდა, რამაც ერთმანეთისგან დიდი ხნის ჩამოშორებულ დედმამიშვილებს ერთ ჭერქვეშ გაერთიანება აიძულა. დახვეწილად გადახლართულ ფლეშბექებში ვიხილეთ მათი მამინაცვლის გიჟური ისტორია და ოჯახის განხეთქილების დეტალები. სეზონის ბოლოს ჰარგრივზები თავიანთ დას, ვანიას, დაუპირისპირდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხეს სამყაროს აღსასრულის შეჩერება. ამ ყოველივეს გამოსასწორებლად მათ დროში იმოგზაურეს და წარსულში დაბრუნდნენ, რათა შემდგომში განვითარებული მოვლენებისთვის ხელი შეეშალათ.

პირველი სეზონი მთვარის აფეთქებითა და დედამიწაზე კაცობრიობის განადგურებით დასრულდა. სუპერგმირი და-ძმები დროში უკან მოგზაურობენ აპოკალიფსის თავიდან ასარიდებლად, თუმცა, როგორც ჰარგრივზებს სჩვევიათ ხოლმე, ისინი მხოლოდ ყველაფრის კიდევ უფრო გართულებას ახერხებენ.

დავიწყოთ იმით, რომ ყველანი ერთ დროსა და ადგილას ვერ ბრუნდებიან. ფაივი 60-იანებში გადადის, ზუსტად იმ დროს, როცა სამყაროს აღსასრული დგება (ისევ) და მალევე იაზრებს, რომ მეორე აპოკალიფსის მიზეზი მათი დროში მოგზაურობაა. რაც შეეხებათ სხვა და-ძმებს, ისინი 60-იანებში მიმოიფანტებიან და ზოგი, სულაც, წლების განმავლობაში არასწორ დროში ცხოვრობს.

როგორც ჩანს, The Umbrella Academy-ის მეორე სეზონში გავყვებით ფაივს, რომელიც 1960-იანებში დროში დახტის დედმამიშვილების გასაერთიანებლად, რათა ისინი, კიდევ ერთხელ, დაარწმუნოს აპოკალიფსის შეჩერების საჭიროებაში. ალბათ, ტრეილერში ყველაზე დიდი სიურპრიზი ისაა, რომ, კომიქსებისგან განსხვავებით, ვანია ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯგუფის დინამიკაში. კომიქსებში ვანია საკონცერტო დარბაზში და-ძმებთან დაპირისპირების შემდეგ პარალიზებულია და არაფერი ახსოვს, მაგრამ მეორე სეზონის ტრეილერი ცხადყოფს, რომ სერიალში მისი პერსონაჟი იმავე ბედს არ იზიარებს.

ტრეილერში ჯგუფის ახალ მოწინააღმდეგეებსაც შეგვიძლია მოვკრათ თვალი. მათგან ყველაზე დამაინტრიგებელი აკვარიუმისთავიანი ტიპია. კომიქსებში ამ პერსონაჟს Carmichael ეწოდება — ადამიანის სხეულზე მიბმული ოქროს თევზი — რომელიც ფაივის უფროსია საიდუმლო ორგანიზაცია Commission-ში. Carmichael პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობას ავალებს ფაივს (რაზეც ეს უკანასკნელი უარს აცხადებს, რაც სამყაროს აღსასრულის კიდევ ერთ შესაძლო სცენარს წარმოქმნის), მისი ტრეილერში გამოჩენა კი იმას მიანიშნებს, რომ Netflix-ის ადაპტაცია შეიძლება რაღაც მსგავს ისტორიას გაყვეს. გაყვება თუ არა სერიალი კომიქსის სიუჟეტს, ჯერ უცნობია.

საბედნიეროდ, ცდა დიდხანს არ მოგვიწევს, რადგან The Umbrella Academy-ის მეორე სეზონი Netflix-ზე 31 ივლისს გამოვა.