თუ სამეფო კარის თამაშების ფანებს გეგონათ, რომ ჯორჯ მარტინი ყინულისა და ცეცხლის სიმღერას ბედნიერად დაასრულებდა, ძალიან ცდებოდით. ამის შესახებ ავტორმა გუადალახარაში გამართულ საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე ისაუბრა.

"ზამთრის ქარები - ასე ჰქვია ახალ წიგნს, რომელიც ბევრი შავბნელი თავისაგან შედგება. დიდი ხანია გაფრთხილებთ, რომ ზამთარი მოდის, ზამთარი კი სიკვდილის დროა, მას სიცივე და სიბნელე მოაქვს. ასე რომ, ეს წიგნი ვერ იქნება ბედნიერებისა და იმედების მომტანი", - ამბობს მარტინი.

მწერალს ისიც ჰკითხეს, მოახერხებს თუ არა ყველა სიუჟეტური კვანძის შეკვრას ამდენი განსხვავებული პერსონაჟით.

"ეს წიგნის ბოლოს გამოჩნდება. იმედი მაქვს, რომ ღია საკითხები არ დარჩება. რა თქმა უნდა, ყველაფერი სრული აკურატულობით ვერ იქნება დასრულებული. ზოგჯერ რჩება რაღაც, რაც ბოლომდე აუხსნელია. ზოგჯერ კი ავტორი განზრახ უტოვებს მკითხველს საფიქრალს და სადარდებელს", - თქვა ჯორჯ მარტინმა.

ასე რომ, ზამთარი მოვიდა, რკინის ტახტისთვის ბრძოლა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და ჩვენც მალე გავიგებთ, რას გვიმზადებს ყინულისა და ცეცხლის სიმღერის შემქმნელი.