ახალი თაობის Thunderbolt ინტერფეისის ანონსიდან 6 თვეში ინტელმა მისი სრული სპეციფიკაციები გამოაქვეყნა. წარმადობის თვალსაზრისით, Thunderbolt 4 მისი წინამორბედისგან არ განსხვავდება. ინტელმა ახალი თაობის ინტერფეისში სერტიფიცირების წესი შეცვალა, რის შედეგადაც, მომხმარებელი უკეთ გაერკვევა კომპიუტერთან თავსებადობის, ასევე ინტერფეისის, პერიფერიული მოწყობილობებისა და კაბელების შესაძლებლობებში.

Thunderbolt 4-ის გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე წინა თაობის ინტერფეისის მსგავსია — 40 გბიტ/წმ. სერტიფიკაციის მისაღებად დეველოპერებსა და მწარმოებლებს მეტი ძალისხმევა დასჭირდებათ, რადგან სავალდებულო გახდა ყველა იმ შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რაც Thunderbolt 3-ში ნებაყოფლობითი იყო. თუ მწარმოებელს Thunderbolt 4-ის სერტიფიკაციის მიღება სურს, იგი უნდა დარწმუნდეს, რომ პორტს 40 გბიტ/წმ. სიჩქარეზე მუშაობა, ასევე ორ 4K ან ერთ 8K ეკრანზე გამოსახულების გამოტანა შეუძლია (აქამდე სავალდებულო მხოლოდ ერთი 4K ეკრანის მხარდაჭერა იყო).

Thunderbolt 4-ის ტექნიკური მახასიათებლები და შედარება წინა თაობებთან

Thunderbolt 4-ის ტექნიკური მახასიათებლები და შედარება წინა თაობებთან

გარდა ამისა, ახალი სპეციფიკაციების მიხედვით, აუცილებელია 100 ვტ-მდე კომპიუტერის დამუხტვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა მინიმუმ ერთი Thunderbolt პორტიდან და VT-d DMA დაცვის უზრუნველყოფა, რომელიც Thunderbolt 3-ის მოწყობილობის მეხსიერებასთან წვდომისას უსაფრთხოების პრობლემებს აგვარებს. შეგახსენებთ, რომ Thunderbolt 3-ში კომპიუტერის დატენვის და დოკ სადგურზე მყოფი კომპიუტერის ძილის რეჟიმიდან გამოყვანის შესაძლებლობები სავალდებულო არ იყო.

Thunderbolt 4-ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობები წელსვე გაიყიდება. მწარმოებლებს კი აღნიშნული ტექნოლოგიის გამოსაყენებლად სერტიფიცირების ერთჯერადი შეძენა მოუწევთ.