ოთხშაბათს, 15 ივლისს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები აქციას — გადავარჩინოთ ტურიზმი გამართავენ. ამის შესახებ განცხადება ფეისბუქზე ერთ-ერთმა აქტივისტმა გამოაქვეყნა. ტურიზმის სფეროში ჩართული ადამიანების საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ ამ ფორმით მთავრობისთვის "ღია პასუხს" დააფიქსირებენ.

"აქცია არის მშვიდობიანი და აპოლიტიკური, ჩვენი მოთხოვნები და გამოსვლა გახლავთ — სოციალური თემატიკით განპირობებული, ვითხოვთ ბიზნესის გადარჩენას. [...] მოგეხსენებათ, დღეს ხელისუფლებამ დააანონსა, რომ ხუთი ქვეყნისთვის გახსნიან საჰაერო საზღვრებს. ეს არის მცირე ნაბიჯი, მაგრამ ცხადია სავსებით არა საკმარისი", — წერს საინიციატივო ჯგუფი.

საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნებია;

  • გაიხსნას რეგულარული საჰაერო რეისები;
  • გაუქმდეს საკარანტინო ზონები;
  • გაიხსნას რეგულარული და არა ჩარტერული რეისები იმ ქვეყნებთან, რომლებიც მოხვდნენ მთავრობის მიერ გამოცხადებულ სიაში. სხვა შემთხვევაში ეს იქნება თავის მოტყუება;
  • მთავრობამ უზრუნველყოს საჰაერო სივრცეში იმ კომპანიების დაბრუნება, რომლების წარმატებით ოპერირებდნენ და ახორციელებდნენ რეგულარულ ფრენებს;
  • გაუქმდეს საკარანტინო სივრცეები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბრუნდებიან სამშობლოში იმ ხუთი ქვეყნიდან, რომელთათვისაც გაიხსნა საჰაერო სივრცე;
  • დროულად ითქვას რეგულარული ფრენების თარიღები, რათა კერძო სექტორი კიდევ ერთხელ არ შერცხვეს თავის უცხოელ პარტნიორებთან, რაც არა თუ ახლა, გრძელვადიან პერსპექტივაში პოვებს გამოუსწორებელ პრობლემებს;
  • მოვუფრთხილდეთ ქვეყნის და კერძო სექტორის რეპუტაციას!;
  • აღდგეს რეგულარული ფრენები იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ სიაში, მაგრამ არ არიან რისკზონებში და მზად არიან ( ან უკვე გახსნილი აქვთ) გაგვიხსნან საზღვრები.

ორგანიზატორების განცხადებით, აქცია თბილისში, შავთელის ქუჩაზე 12 საათზე დაიწყება და მონაწილეები მსვლელობით კანცელარიის შენობასთან გადაინაცვლებენ. მათი თქმით, აქციას პერფორმანსის სახე ექნება.

მთავრობა ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანას საზღვრებს უპირობოდ უხსნის. პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით ეს ქვეყნებია:

  1. გერმანია;
  2. საფრანგეთი;
  3. ლიეტუვა;
  4. ლატვია;
  5. ესტონეთი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ნებისმიერი ვიზიტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. იგივე წესი არ ვრცელდება ევროკავშირის 5 ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებზე, თუ მათ ტემპერატურა არ აქვთ.

ამავე თემაზე:

ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად გამოაქვეყნა მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაცია, პირველი ივლისიდან მოგზაურობის შეზღუდვების დროებითი შემსუბუქების შესახებ. მან წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, რომ "ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო" 15 ქვეყნისთვის საზღვრები გაეხსნათ. ამ ქვეყნებს შორის იყო საქართველოც. წევრი ქვეყნების ნაწილმა რეკომენდაცია გაითვალისწინა და საზღვრები სხვადასხვა პირობით გახსნა, ნაწილმა არა.

გაიგეთ მეტი: