პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თელავის საკრებულოს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ გრემელაშვილი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, ტეტე-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

დეპუტატ მიხეილ გრემელაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დღეს, 8 ივლისს დაიწყო. ინფორმაცია სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელის, მარიამ კუკუნაშვილმა გაავრცელა.

მან ფეისბუქზე დაწერა, რომ მისივე ნათესავი, თელავის საკრებულოს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, მიხეილ გრემელაშვილი შვილებზე ძალადობს და წარსულში ცოლზეც არაერთხელ უძალადია.

მიხეილ გრემელაშვილი 2017 წლის 14 ნოემბრიდან დღემდე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. პრესსამსახურის ინფორმაციით, მან თავდაპირველად კენჭი ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატად იყარა, 2018 წელს კი პარტია დატოვა და ფრაქცია პატრიოტთა ალიანსში გადავიდა.