თელავის საკრებულოს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ გრემელაშვილი ძალადობაზე ბრალდებას შეურაცხმყოფელად ეხმაურება. კომენტარი ამ თემაზე მან მთავარ არხთან გააკეთა და აღნიშნა, რომ "სპექტაკლზე პასუხის არ დააბრუნებს".

"ნაციონალების ძ***ას მოწყობილ სპექტაკლს, აგერ გაირკვევა ყველაფერი, პოსტები რომ დამიდეს ნაციონალების ძ***ებმა, გაუშვით ყველაფერი თუ სიმართლეა, როგორ გეკადრებათ, მაგ სპექტაკლზე პასუხის დამბრუნებელი არ ვარ, გამოძიება გაარკვევს — თქვა მიხეილ გრემელაშვილმა.

დეპუტატ მიხეილ გრემელაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით მიმდინარეობს. ინფორმაცია დღეს, 8 ივლისს სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელის, მარიამ კუკუნაშვილმა გაავრცელა.

მან ფეისბუქზე დაწერა, რომ მისივე ნათესავი, თელავის საკრებულოს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, მიხეილ გრემელაშვილი შვილებზე ძალადობს და წარსულში ცოლზეც არაერთხელ უძალადია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს დაუდასტურეს, რომ გრემელაშვილის შვილები გამოკითხვაზე არიან, საქმეზე კი გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მიხეილ გრემელაშვილი 2017 წლის 14 ნოემბრიდან დღემდე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. პრესსამსახურის ინფორმაციით, მან თავდაპირველად კენჭი ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატად იყარა, 2018 წელს კი პარტია დატოვა და ფრაქცია პატრიოტთა ალიანსში გადავიდა.