ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ და მაუწყებლობის შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს კომუნიკაციების კომისიას როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ბერკეტებს გაუჩენს იმისათვის, რომ მაუწყებლების საქმიანობაში ჩაერიოს და გამოხატვის თავისუფლება გაუმართლებლად შეზღუდოს.

საია მოუწოდებს პარლამენტს, რომ არ დაუშვას შემოთავაზებული რეგულაციების მაუწყებლებზე გავრცელება და კანონპროექტის განხილვის დროს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობა უზრუნველყოს .

საიას განმარტებით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, კომისიას უჩნდება შესაძლებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირთან დანიშნოს სპეციალური მმართველი და მიიღოს ფაქტობრივად ყველა მმართველობითი გადაწყვეტილება.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, საქართველოში მოქმედი მაუწყებლების დიდი ნაწილი ამავდროულად წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და ეს დებულება მათზე პირდაპირ გავრცელდება.

"რაც კომისიას მისცემს საშუალებას, დანიშნოს სპეციალური მმართველი ამ მაუწყებლებში, მიიღოს მათთან დაკავშირებული მმართველობითი გადაწყვეტილებები და ჩაერიოს სარედაქციო გადაწყვეტილებებშიც. საგულისხმოა ისიც, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მეშვეობით ხდება მაუწყებლობის გადაცემა, ხოლო ამ პირებთან სპეციალური მმართველის დანიშვნით, შესაძლებელი იქნება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც გავლენას იქონიებს მაუწყებლობის გადაცემაზე", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

საიას განცხადებით, საყურადღებოა აგრეთვე მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, რომლითაც კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მისი გასაჩივრებით არ შეჩერდება.

"აღნიშნული ნორმის მიხედვით, მაუწყებლისთვის ლიცენზიის შეჩერების/გაუქმების შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ამოქმედდება და სანამ სასამართლო არ მიიღებს განჩინებას მის შეჩერებაზე, მანამდე მაუწყებელს მოუწევს საქმიანობის შეჩერება, რაც მის საქმიანობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს" — აცხადებენ საიაში.

საის თქმით, საგულისხმოა ისიც, რომ კანონპროექტი განიხილება დაჩქარებული წესით და მასზე არ გაკეთებულა სავალდებულო შეფასება რეგულირების ზეგავლენასთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ კანონპროექტის დაუყოვნებლივ განხილვა აუცილებელია სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

"თუმცა დასაბუთებაში ვერ ვხვდებით კონკრეტულ საფუძველს, თუ რატომ უნდა იყოს კანონპროექტი დაჩქარებულად განხილული, რაც ზრდის ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი მოემსახურება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას" , — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას შემოთავაზებული რეგულაციების მაუწყებლებზე გავრცელება და კანონპროექტის განხილვის დროს უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობა.

შესაძლოა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცეს. კომისიისთვის აღნიშნული ბერკეტის მიცემას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.

კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.

მედიის სფეროს წარმომადგენლები და იურისტები ფიქრობენ, რომ კანონპროექტი არამხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების მქონე კომპანიებს, ინტერნეტ ან მობილურ პროვაიდერებს ეხებათ, არამედ ამ ცვლილებების მიზანი მაუწყებლთა ნაწილის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის შემოტანის მცდელობაა.

კომუნიკაციების კომისია ამბობს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები მედიასა და მაუწყებლებს არ ეხებათ. ამის შესახებ On.ge-ს კომინიკაციების კომისიის პრესამსახურში განუცხადეს. მათივე მტკიცებით, ინფორმაცია თითქოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, ტყუილია.