ცნობილია, რომ მოხუცები ინფექციური დაავადებების მიმართ უფრო მოწყვლადები არიან, რადგან მათი იმუნური სისტემა ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება. სწორედ ამიტომ ასაკიანი ადამიანები უფრო მეტად განიცდიან ჯანმრთელობის პრობლემებს, რაც მათი ცხოვრების ხარისხზე ნეგატიურად აისახება.

შვეიცარიის მკვლევართა გუნდმა ასაკიან ადამიანებში ჯანმრთელობის გაუმჯობესების ახალი მეთოდი შეიმუშავა. წლების განმავლობაში მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მსუბუქი ანთებითი პროცესი ასაკის მატებასთან დაკავშირებულ პროცესებს აჩქარებს. ამ კვლევის ფარგლებში კი მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადიპოზური ქსოვილი, ცნობილი როგორც მუცლის ცხიმოვანი ქსოვილი, ქრონიკული ანთებითი პროცესის განვითარებას უწყობს ხელს.

კვლევის ავტორების თქმით, ეოზინოფილები (ATEs) ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული ანთებითი პროცესებისა და მეტაბოლური დაავადების კონტროლისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. თუმცა ამჟამად უცნობია, თუ რა გავლენას ახდენს ასაკის მატება ATEs-ის ფუნქციაზე. ამ კვლევაში გუნდმა დაადგინა, რომ კონკრეტული იმუნური უჯრედები ანთებითი პროცესის რეგულირებაში მნიშნელოვან როლს თამაშობს. როგორც აღმოჩნდა, მოხუცი თაგვის ცხიმოვან ქსოვილში არსებულმა ეოზონოფილებმა ასაკთის მატებასთან დაკავშირებული ფიზიკური თუ იმუნოლოგიური პროცესები შეამცირა.

ეოზინოფილები განსაკუთრებულად ბევრნი სისხლში არიან, თუმცა ისინი ასევე მუცლის ცხიმოვან ქსოვილშიც გვხვდება — როგორც ადამიანებში, ისე თაგვებში. როგორც წესი, მათ ორგანიზმის პარაზიტული ინფექციებისგან და ალერგიული დაავადებებისგან დაცვა ევალებათ, მაგრამ მუცლის ცხიმოვან ქსოვილში განთავსებული ეოზონოფილები ადგილობრივი იმუნური ჰომეოსტაზის შენარჩუნებას უზრუნველყოფენ. ასაკის მატებასთან ერთად ეოზონოფილების რაოდენობა იკლებს, ანთებითი პროცესების ხელის შემწყობი მაკროფაგების რაოდენობა კი იმატებს. ამ დისბალანსის გამო მუცლის ცხიმოვანი ქსოვილი ანთების ხელშემწყობ წყაროდ იქცევა.

ექსპერიმენტის შემდეგ ეტაპზე მკვლევრებმა გადაწყვიტეს, რომ ადიპოზურ ქსოვილში ბალანსი აღედგინათ და სიბერესთან დაკავშირებული პრობელემები აღმოეფხვრათ.

"ჩვენ შევძელით გვეჩვენებინა, რომ ეოზონოფილების ახალგაზრდა თაგვიდან ასაკიან თაგვში გადანერგვამ მსუბუქად მიმდინარე ანთების პრობლემა მოაგვარა", — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა, ალექსანდრე ეგელმა.

"ეოზონოფილების გადანერგვამ აჩვენა, რომ ამ მეთოდს ასაკის მატებასთან დაკავშირებული ანთებითი პროცესების მოგვარება შეუძლია", — ნათქვამია კვლევაში.

ასაკოვან ორგანიზმებში ამ ტექნიკას გაახალგაზრდავების ეფექტი ჰქონდა. შედეგად, მოხუცმა ცხოველებმა ფიზიკური უნარები მნიშვნელოვნად განავითარეს. ასევე გაუმჯობესდა იმუნური სისტემის ფუნქციონირებაც.

"ჩვენმა შდეგებმა აჩვენა, რომ ის ბიოლოგიური პროცესები, რომლებიც ასაკის მატებას ახლავს თან, სავსებით შექცევადია. ჩვენი კვლევის სამომავლო მიზანს კი ისეთი თერაპიის დანერგვა წარმოადგენს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობას მოხუც ადამიანებშიც გააუმჯობესებს", — ნათქვამია კვლევაში.

კვლევა ჟურნალ Nature Metabolism-ში გამოქვეყნდა.