ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ევროკავშირის 5 ქვეყნის მოქალაქეები სავალდებულო კარანტინში არ მოხვდებიან, რადგან საქართველო ვალდებულია სიმეტრიული ზომები დააწესოს. ამ თემაზე მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"პირველ რიგში, ამ 5 ქვეყნიდან ჩამოსულ მოქალაქეებს არ ვამოწმებთ, რადგან ჩვენ ვართ საერთო ევროპული შეთანხმების ნაწილი და ვალდებულებიც ვართ, რომ სიმეტრიული ზომები დავუწესოთ, ისინი არ ამოწმებენ ჩვენს მოქალაქეებს ჩვენ არ ვამოწმებთ მათ მოქალაქეებს. თუმცა არავინ თქვას, რომ მათ უკონტროლოდ ვტოვებთ, თერმოსკრინინგი ტარდება, ელექტრონული ფორმა ივსება, მოგზაურობის ისტორიის შემთხვევაში მათაც ვთავაზობთ სავალდებულო PCR-ს და კონტროლი ხორციელდება", — თქვა ნათია თურნავამ.

მთავრობა ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანას საზღვრებს უპირობოდ უხსნის. პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით ეს ქვეყნებია:

  1. გერმანია;
  2. საფრანგეთი;
  3. ლიეტუვა;
  4. ლატვია;
  5. ესტონეთი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ნებისმიერი ვიზიტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. იგივე წესი არ ვრცელდება ევროკავშირის 5 ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებზე, თუ მათ ტემპერატურა არ აქვთ.

ამავე თემაზე:

თურნავას განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას თავისი ფასი აქვს და კარანტინი იმ ქვეყნების მოქალაქეებზეც ვრცელდება, რომლებიც აღნიშნული 5 ქვეყნიდან არ ჩამოდიან, ამიტომ, მისი აზრით, ეს მიდგომა დისკრიმინაციული არაა.

"ჩვენ ვალდებული ვართ მეტი სიფრთხილე და მეტი ზრუნვა გამოვიჩინოთ საქართველოს მოქალაქის მიმართ და ნურავინ მიიღებს ამას სხვაგვარად, ეს არ არის არავის უფლებების შეზღუდვა", — თქვა ნათია თურნავამ.

ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად გამოაქვეყნა მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაცია, პირველი ივლისიდან მოგზაურობის შეზღუდვების დროებითი შემსუბუქების შესახებ. მან წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, რომ "ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო" 15 ქვეყნისთვის საზღვრები გაეხსნათ. ამ ქვეყნებს შორის იყო საქართველოც. წევრი ქვეყნების ნაწილმა რეკომენდაცია გაითვალისწინა და საზღვრები სხვადასხვა პირობით გახსნა, ნაწილმა არა.

გაიგეთ მეტი: