შესწორება: თავდაპირველ სათაურში მითითებული იყო, რომ მიხეილ გრემელაშვილი პარტია ქართული ოცნების დეპუტატია. მოგვიანებით ინფორმაცია დაზუსტდა და მასალა გასწორდა. მიხეილ გრემელაშვილი ამ დროისთვის თელავის საკრებულოს ფრაქცია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარის მოადგილეა. On.ge ბოდიშს უხდის მკითხველს შეცდომაში შეყვანისთვის.

სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელის, მარიამ კუკუნაშვილის განცხადებით, მისივე ნათესავი, თელავის საკრებულოს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, მიხეილ გრემელაშვილი შვილებზე ძალადობს და წარსულში ცოლზეც არაერთხელ უძალადია. ამის შესახებ ინფორმაცია მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა და იქვე აღნიშნა, რომ კაცის შვილები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს დაუდასტურეს, რომ გრემელაშვილის შვილები გამოკითხვაზე არიან, საქმეზე კი გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მიხეილ გრემელაშვილი 2017 წლის 14 ნოემბრიდან დღემდე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. პრესსამსახურის ინფორმაციით, მან თავდაპირველად კენჭი ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატად იყარა, 2018 წელს კი პარტია დატოვა და ფრაქცია პატრიოტთა ალიანსში გადავიდა.