ინტერნეტში ხშირად გამოჩნდება ხოლმე უცნაური ცხოველის ფოტო, რომელსაც სოციალური ქსელის მომხმარებლები მომენტალურად იტაცებენ და აზიარებენ. ხშირად ფოტომასალა ყალბია ხოლმე, თუმცა ამჯერად სახლთან დაკიდებული გიგანტური ღამურა აბსოლუტურად რეალურია.

"გახსოვთ, როცა გეუბნებოდით, რომ ფილიპინებში ადამიანისხელა ღამურები არიან? აი, ამას ვგულისხმობდი", — ამბობს Twitter-ის მომხმარებელი. ეს ფოტო ბევრგან გაზიარდა, ღამურა ბევრისთვის საშიში სანახაობა გამოდგა იმიტომ, რომ ამ ცხოველზე არაერთი მითი არსებობს.

ახალ Viral ღამურაზე რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას. პირველ რიგში, ის ადამიანისხელა ნამდვილად არაა, თუ, რა თქმა უნდა, საშუალო ადამიანის სიმაღლედ პატარა ბავშვის პარამეტრებს არ მიიჩნევთ.

ამასთანავე ეს ფოტო მაინცდამაინც ახალი არაა. პირველად ის რედიტზე, r/natureismetal-ში გამოჩნდა. იმავე ღამურის სხვა კუთხიდან გადაღებული ფოტო ნაკლებად საშიში ჩანს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ღამურა მართლაც გიგანტური არაა.

სახელიდან გამომდინარე (ინგლისურად მას Megabat-ს, ანუ მეგაღამურას ეძახიან), ის ნამდვილად მოზრდილი ზომისაა. "მფრინავი მელიების" Pteropus vampyrus (როგორც მას ადგილობრივები ეძახიან) ფრთების სიგრძე 1,5 მეტრს აღწევს. უშუალოდ ღამურა არც ისე დიდია და თან ძალიან მსუბუქია, ის, საშუალოდ 1,4 კილოგრამს იწონის.

პოპულარული მითისგან განსხვავებით, ღამურები, ძირითადად, ვეგეტარიანელები არიან და ცხადია, თქვენს თმებს ნამდვილად არ ერჩიან. ამასთანავე, ეს ცხოველები ეკოსისტემაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.