პროკურატურის განცხადებით, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოთავსებული ბენეფიციარის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ დაცვის თანამშრომელს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

"ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 14 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელმა ვ.დ.-მ, ძალადობის გამოყენებით ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა. სამართალდამცველებმა ვ.დ. 2019 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს", — წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.