გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე პროკურატურა შსს-სგან დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ითხოვს. უწყებაში On.ge-ს უთხრეს, რომ პროკურატურა იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს საგამოძიები პროცესთან მიმართებით, მათ შორის, იმ პირთა ხელახალ დაკითხვაზე, ვინც ჩვენება შეცვალა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი რეკომენდაციები, შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში, ისევ გაიცეს.

დოკუმენტი, რომელიც ფორმულამ გაასაჯაროვა 2 ივლისით არის დათარიღებული. მათივე ცნობით, პროკურატურა შსს-ს 21 მითითებას უგზავნის, მათ შორისაა მოწმე გურამ ამირხანაშვილის ხელახლა დაკითხვა.

7 ივლისის ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეების ჩვენებებს შორის სხვაობები და გარკვეული წინააღმდეგობები არის, რაც საგამოძიებო მოქმედებებით უნდა შეფასდეს.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვს წარდგენილი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.