ქალი, რომელსაც მოსიყვარულე ქმარი, შვილები და კეთილმოწყობილი სახლი აქვს გარეუბანში, რატომ უნდა გადაწყვიტოს ერთ დღესაც იმ მეგობრის ნაჯახით მოკვლა, რომელთან ერთადაც ეკლესიაში დადის?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მომავალ სერიალში ელიზაბეტ მოსი შეეცდება — სწორედ ის შეასრულებს მკვლელის, ქენდი მონტგომერის როლს.

მონტგომერი რეალური პიროვნება იყო, რომელსაც აშშ-ის კრიმინალური ისტორიის მოყვარულები კარგად იცნობენ. 80-იან წლებში მომხდარი ეს მოულოდნელი შემთხვევა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობა შეძრა, მალე სერიალის სახით ეკრანებზე გაცოცხლდება.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რომელ ცნობილ სტრიმინგ სერვისზე ვიხილავთ ამ ახალ შოუს, მაგრამ ვიცით, რომ მისი სახელწოდება Candy იქნება და მის შექმნაში მონაწილეობას გახმაურებული სერიალების True Blood-სა და The Act-ის პროდიუსერი, ამავდროულად კი საკულტო შოუ Mad Men-ის სცენარისტი, რობინ ვაითი მიიღებს.

ელიზაბეტ მოსს ვაითთან ერთად მანამდე სწორედ Mad Men-ის გადაღებებზე უთანამშრომლია.

ელიზაბეტ მოსი სერიალში Mad Men.

ფოტო: AMC

"დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა ანტიგმირის თამაში და ამავდროულად მსურდა, რობინ ვაითთან კვლავ მეთანამშრომლა. შესაბამისად, როცა მან მკითხა, თუ მსურდა ტექსასელი დიასახლისის როლი, რომელზეც ვიღაცები იტყვიან, რომ მკვლელობის მიუხედავად სასჯელი აიცილა, უყოყმანოდ მივუგე: "სად უნდა მოვაწერო ხელი?", — განაცხადა ელიზაბეტ მოსმა.

ბოლო პერიოდში ამ ცნობილმა მსახიობმა სატელევიზიო შოუების მოყვარულებს თავი ყველაზე კარგად The Handmaid’s Tale-ში შესრულებული როლით დაამახსოვრა. წელს ასევე გამოვიდა მისი ახალი ფილმები Shirley და The Invisible Man, უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია უეს ანდერსონის ახალი ფილმის The French Dispatch პრემიერა, რომელშიც ფრენსის მაკდორმანდის, ბილ მიურეის, ტიმოთი შალამეს, ტილდა სუინტონისა და ედრიენ ბროდის გვერდით ელიზაბეტ მოსიც მონაწილეობს.