ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ სულ უფრო მეტი მტკიცებულება გროვდება კორონავირუსის ჰაეროვანი გადაცემის შესახებ. მათი განცხადებით, ხალხმრავალ, დახურულ სივრცეებში, ცუდი ვენტილაციის პირობებში ვირუსის ამგვარი სახით გადაცემა არ უნდა გამოვრიცხოთ. აღნიშნულის გამო, შესაძლოა, ვირუსის წვეთოვანი გავრცელების შესახებ შეხედულება უახლოეს ხანში გადაიხედოს და იგი აირ-წვეთოვანით ჩანაცვლდეს. ეს ცვლილებები დახურულ სივრცეებში დაავადების პრევენციისთვის გაწერილ რეკომენდაციებს მნიშვნელოვნად შეცვლის.

WHO-ს ამ განცხადებას წინ უსწრებდა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომელსაც ხელი 239-მა მეცნიერმა მოაწერა. ხელმომწერები ორგანიზაციას ვირუსის ჰაეროვანი გადაცემის გზის შესახებ აფრთხილებდნენ და მის დაგვიანებულ ნაბიჯებს აკრიტიკებდნენ. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ვირუსის გავრცელება მხოლოდ დახველების ან დაცემინების დროს გამოყოფილ დიდი ზომის წვეთებს შეეძლოთ.

"ჩვენ გვინდოდა, რომ მათ მტკიცებულებებისთვის თვალი გაესწორებინათ", — აღნიშნავს ქიმიკოსი ხოსე ხიმენესი, კოლორადოს უნივერსიტეტიდან. იგი ღია წერილის ერთ-ერთი ხელმომწერია.

"ეს WHO-ზე თავდასხმა ნამდვილად არ არის, ეს სამეცნიერო დავაა. თუმცა, ჩვენ ვგრძნობდით, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ საჯაროდ უნდა განგვეცხადებინა, რადგანაც მრავალგზის საუბრის შემდეგაც კი მათ მტკიცებულებების მოსმენაც არ სურდათ", — განმარტავს ხიმენესი

პროფესორი ბენჯამინ ქაულინგი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორია. ხიმენესის მსგავსად, ისიც ღია წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი გახლავთ. მისი აზრით, ამ მიგნებას მნიშვნელოვანი შედეგები ექნება.

თუ საავადმყოფოს პირობებში ვირუსი აირ-წვეთოვანი გზით შეიძლება გავრცელდეს, მაშინ ჯანდაცვის მუშაკებმა მათ ხელთ არსებული თავდაცვის საუკეთესო საშუალებები უნდა გამოიყენონ… ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც WHO-ს ამ თემაზე საუბარი არ სურდა, ის გახლდათ, რომ მსოფლიოს ბევრ კუთხეში მსგავსი სპეციალიზირებული ნიღბების დეფიციტია

ბენჯამინ ქაულინგი, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორი

თვეების განმავლობაში WHO ამტკიცებდა, რომ COVID-19 დახველების ან დაცემინების დროს გამოყოფილი დიდი ზომის წვეთებით ვრცელდებოდა. ეს უკანასკნელნი თავიანთი წონის გამო ზედაპირებზე ეცემიან და ჰაერში არ შეიწონებიან.

WHO-მ თავის განცხადებაში განმარტა, რომ არსებული წინასწარი მტკიცებულება კიდევ უფრო ღრმა ანალიზს საჭიროებს.