მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე არსებული წყალქვეშა გამოქვაბულები არქეოლოგიურ ნაშთებს შეიცავენ და ისინი დედამიწის მასშტაბით უნიკალურნიც კი შეიძლება იყვნენ.

ამ გამოქვაბულებში შემორჩენილი დატბორილი სენოტები მაიას ტომის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ იქ ასევე უფრო ძველი არტეფაქტების პოვნაც შესაძლებელია.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ამერიკის ჩვენთვის ცნობილი უძველესი მაღარო აღმოაჩინეს, რომელიც 12 ათას წელს ითვლის.

"წყალქვეშა გამოქვაბულები დროის კაფსულასავითაა. აქ ჟანგმიწის არსებობის აშკარა მტკიცებულებებია, რომელიც აქტიური ათასობით წლის წინ იყო", — განაცხადა მყვინთავმა და პალეონტოლოგმა ედ რეინჰარდტმა.

2017 წელს რეინჰარდტმა და მისმა კოლეგებმა კინტანა-როოს სანაპიროს აღმოსავლეთ ნაწილში გამოქვაბულები იპოვეს. ამ რეგიონში არსებული გამოქვაბულები უძველესი ადამიანების ძვლებით მდიდარ ადგილებადაა ცნობილი. ეს ადამიანები ათასობით წლის წინ ცხოვრობდნენ, მაშინ, როდესაც ზღვის დაბალი დონის წყალობით გამოქვაბულები მშრალი და ხელმისაწვდომი იყო. რატომ ირჩევდნენ უძველესი ადამიანები ამ ღრმა და საშიშ ლაბირინთებს საცხოვრებლად, მეცნიერებისთვის მაშინ უცნობი დარჩა, თუმცა, შესაძლოა, ახლა ამის ახსნა შევძლოთ.

"გამოქვაბულის ლანდშაფტი მნიშვნელოვნად გადაკეთებულია, რაც გვაფიქრებინებს, რომ პრეისტორიული ადამიანები მისგან ტონობით ჟანგმიწას გამოყოფდნენ, რა დროსაც, შესაძლოა, სივრცის გასანათებლად დიდ კოცონებსაც აჩაღებდნენ", — განაცხადა მყვინთავმა

ფოტო: Sam Meacham

გამოქვაბულებში გუნდმა ნივთიერების მოპოვებისთვის საჭირო პრეისტორიული ხელსაწყოებიც იპოვა, მათ შორის: სათხრელი მოწყობილობა, სანავიგაციო ნიშნულები და უძველესი ბუხრები.

ეს ადგილები, რომლებსაც La Mina-ს, Camilo Mina-ს და Monkey Dust-ს უწოდებენ, შესაძლოა, ყველაზე ძველი მაღარო იყოს, რაც აქამდე აღმოუჩენიათ. ამასთან, გუნდის მიხედვით, შესაძლებელია, რომ იგი ბევრად ძველიც კი იყოს, რადგან იქ ნაპოვნი ძვლები 12 800 წლით თარიღდება.

უცნობი მიზეზის გამო სამრეწველო საქმიანობა ადამიანებმა 10 ათასი წლის წინ შეწყვიტეს. მკვლევრებმა ამის ზუსტი ახსნა ვერ შეძლეს, თუმცა, შესაძლოა, რომ ისინი სხვა გამოქვაბულებში გადავიდნენ.

ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ ასობით მეტრის სიღრმეში არსებულ გამოქვაბულებში მხოლოდ ჩირაღდნით გზის გაკვალვა საოცარ გამბედაობას მოითხოვდა. ის ფაქტი, რომ მსგავს რთულ პირობებში ადამიანები ჟანგმიწას მაინც მოიპოვებდნენ, გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ეს მათთვის.

კვლევა 3 ივლისს ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.