ჯუდ ლოუ, შესაძლოა, ჯადოსნური არლანდიისკენ გაეშუროს. მსახიობი მოლაპარაკებებს აწარმოებს იმის თაობაზე, რომ Disney-ს კლასიკური ბოროტმოქმედის, კაპიტანი კაუჭას , როლი შეასრულოს სტუდიის ახალ სრულმეტრაჟიან ფილმში პიტერ პენის შესახებ Peter Pan & Wendy.

თუკი შეთანხმება შედგება, ლოუ გაყვება დასტინ ჰოფმანის, ჯეისონ აიზეკსისა და გარეტ ჰედლუნდის გზას — ყველა მათგანმა ამბის წინა ადაპტაციებში საკულტო ანტაგონისტი მეკობრის როლი მოირგო.

იმასაც შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ფილმისთვის უკვე იპოვეს პიტერ პენისა და ვენდის როლის შემსრულებლები: ევერ ანდერსონი და ალექსანდერ მოლონი.

ფოტო: Chris Brenner

ფოტო: Bronwen Sharp

ფილმის რეჟისორი დევიდ ლოური იქნება, რომელმაც 2016 წელს დისნეისთვის Pete’s Dragon გადაიღო. სცენარზე ლოურისთან ერთად ტობი ჰალბრუკსი მუშაობდა, ფილმის პროდიუსერი კი ჯიმ უიტეკერი იქნება.

წყაროების ცნობით, ფილმის პრემიერა კინოთეატრებში შედგება და არა — Disney Plus-ის სტრიმინგ სერვისზე.

დისნეის 1953 წლის ანიმაციური კლასიკა ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული ადაპტაციაა ჯეიმს მეთიუ ბარის საბავშვო წიგნისა პიტერ პენი — ის მოგვითხრობს ბიჭუნაზე, რომელიც არ იზრდებოდა, და ბავშვებზე, რომლებსაც ის არლანდიის ჯადოსნურ სამყაროში მიუძღვებოდა. სხვა მრავალმა სტუდიამაც შექმნა ადაპტაციის საკუთარი ვერსიები დიდი და პატარა ეკრანებისთვის, მათ შორისაა სტივენ სპილბერგის კაპიტანი კაუჭა (Hook) რობინ უილიამსის მონაწილეობით და ჯო რაიტის პენი (Pan), თუმცა ორივე მათგანს საკმაოდ იმედგამაცრუებელი შემოსავალი ჰქონდა.

შარშან დისნეის სრულმეტრაჟიანი ადაპტაციების ძალიან წარმატებული წელი ჰქონდა: ალადინის და მეფე ლომის გლობალურმა შემოსავლებმა $1 მილიარდს გადააჭარბა. ალადინის ფილმით დისნეი იმდენად კმაყოფილი იყო, რომ უკვე მის მეორე ნაწილზეც დაიწყო მუშაობა.

ლოუ ახლახან HBO-ს The New Pope-ში მონაწილეობდა. ცოტა ხნის წინ ის ასევე Paramount-ის Rhythm Section-შიც ვიხილეთ. გარდა ამისა, მსახიობი დამბლდორის როლს დაუბრუნდება Fantastic Beasts and Where to Find Them-ის გაგრძელებაში.