პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ლიეტუვასთან, ლიტვასა და ესტონეთთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის მიზნით, რამდენიმე ავიაკომპანიასთან აწარმოებენ მოლაპარაკებას. მისი თქმით, შეთანხმება უკვე მიღწეული Lufthansa-სთან და კომპანია აგვისტოდან კვირაში 2 რეისს განახორციელებს. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს airBaltic-სა და Air France-სთან.

საქართველო ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანას დღეიდან საზღვრებს უპირობოდ უხსნის. ჩიქოვანის განცხადებით ეს ქვეყნებია:

  1. გერმანია;
  2. საფრანგეთი;
  3. ლიეტუვა;
  4. ლატვია;
  5. ესტონეთი.

მთავრობაში განმარტავენ, რომ მანამდე ამ ქვეყნებთან ჩარტერულ რეისებს შეასრულებს საქართველოს ავიახაზები.

ჩიქოვანის განმარტებით, ამ ქვეყნების რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მაგრამ მხოლოდ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის საშუალებით. მანვე დაასახელა წესები და პირობები, რომელიც ტურისტების შემოსვლისას იმოქმედებს.

"საქართველოს საზღვრის გადაკვეთამდე მათ უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა. ასევე, ამ ინფორმაციაში იქნება გათვალისწინებული, რომ თითოეულმა მგზავრმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია. ასევე, ანკეტაში იქნება ინფორმაცია, სადაც იქნება გათვალისწინებული, თუ სად აპირებს გაატაროს დრო და დარჩეს ჩვენი ქვეყნის სტუმარი საქართველოში ყოფნის პერიოდში და მისი საკონტაქტო ინფორმაცია", — განაცხადა ჩიქოვანმა.

გაიგეთ მეტი:

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებმაც საქართველო ე.წ. მწვანე სიაში შეიყვანა, საქართველო მათ 14-დღიანი ფასიანი კარანტინის პირობით გაუხსნის საზღვარს. ხოლო იმ ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს საზღვარი არ გაუხსნეს, არც საქართველო უხსნის საზღვარს.