საქართველო იმ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთათვის საზღვარი გახსნილია, სპეციალურ მოთხოვნებს უწესებს. პროცედურა დღეს, 8 ივლისის ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააჟღერა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გზით, ხოლო პროცედურა შემდეგნაირი იქნება:

  • საზღვრის გადმოკვეთამდე მოგზაურმა უნდა შეავსოს ელექტრონული ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა, მათ შორის, საქართველოში ვიზიტამდე, ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია;
  • მოგზაურმა ანკეტაში უნდა მიუთითოს, სად აპირებს დროის გატარებას საქართველოში ყოფნის დროს, მათ შორის, მისი საკონტაქტო ინფორმაცია;
  • თუ თერმოსკრინინგის დროს დაუფიქსირდა 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, მგზავრს აეროპორტში ჩაუტარდება PCR ტესტი;
  • სავალდებულო კარანტინს გაივლიან ის პირები, რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაში მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია ექნებათ.

ჩიქოვანის თქმითვე, საქართველოში ჩამოსულ პირებთან, ქვეყანაში დარჩენის პერიოდში, აქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.

საქართველო ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანას დღეიდან, 8 ივლისიდან საზღვრებს უპირობოდ უხსნის. პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით ეს ქვეყნებია:

  1. გერმანია;
  2. საფრანგეთი;
  3. ლიეტუვა;
  4. ლატვია;
  5. ესტონეთი.

მთავრობაში განმარტავენ, რომ რეგულარული ავიამიმოსვლას ამ ქვეყნებთან აგვისტოში კომპანია Lufthansa დაიწყებს, მანამდე კი ჩარტერულ რეისებს შეასრულებს საქართველოს ავიახაზები.

თავდაპირველად, მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვრები საერთაშორისო ვიზიტორებისთვის პირველ ივლისს უნდა გახსნილიყო. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ისრაელთან და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან. ისრაელში ეპიდსიტუაციის გაუარესების მიზეზით, საზღვრის გახსნის შეთანხმება ჩაიშალა.

მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი აცხადებდა, რომ სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები გრძელდებოდა და საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი მწვანე ზონის ქვეყანა, რომელიც საჰაერო საზღვრებს გახსნიდა. მოგვიანებით, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საზღვრების გახსნა 31 ივლისამდე გადაედო და ამის მიზეზად ისევ ეპიდსიტუაცია და ეკონომიკური ზარალი დაასახელა.

კერძოდ, სახელისუფლებო გუნდი ამბობდა, რომ ტურისტების შემოსვლა, ქვეყანას ეკონომიკურად კი არ გააძლიერებდა, პირიქით, შეეძლო დაეზარალებინა კიდეც, თუკი გავრცელდებოდა ვირუსი და ქვეყანაში გაურესდებოდა ეპიდსიტუაცია.

ამის პარალელურად, ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, რომ "ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო" 15 ქვეყნისთვის საზღვრები გაეხსნათ. ამ ქვეყნებს შორის იყო საქართველოც. წევრი ქვეყნების ნაწილმა რეკომენდაცია გაითვალისწინა და საზღვრები სხვადასხვა პირობით გახსნა, ნაწილმა არა.

რაც შეეხება სახმელეთო საზღვრების გახსნას, პრემიერმინისტრის განცხადებით, ეს ჯერ არ იგეგმება.

გაიგეთ მეტი: