გერმანულმა კომპანია Festo-მ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მათ მიერ შექმნილი ბიონიკური ჩიტები დაფრინავენ.

Festo წლებია, რაც მინიატურული რობოტული მოწყობილობების შექმნაში ნოვატორია, მათ შექმნილი აქვთ რობოტი თოლია, პეპელა, მედუზა და კენგურუ.

ფოტო: Festo

ფოტო: Fest

მათი ბოლო ქმნილება BionicSwift, ხელოვნური ბუმბულების წყალობით შექმნილი ძალიან თხელი კონსტრუქციით აქამდე არსებული მფრინავი რობოტების გაუმჯობესებული ვერსიაა.

თითოეული ჩიტი 42 გრამს იწონის, ისინი სამი პაწაწინა ძრავით არიან აღჭურვილნი, რომლებიც მიმართულებას, აფრენასა და დაშვებას უზრუნველყოფს. მათი ფრთების შლილი დაახლოებით 66 სანტიმეტრია.

ჩიტები 6-გრამიან ელემენტს ატარებენ და GPS სენსორების მეშვეობით იმართებიან, რომლებიც შეზღუდულ საფრენ სივრცეშია განლაგებული. ჩიტები ფრენის წინასწარ დაპროგრამებულ მიმართულებებს მიჰყვებიან, თუმცა თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა — მაგალითად, უეცრად ძლიერმა ქარმა დაჰქროლა — რადიო კომუნიკაცია შესაძლებელს ხდის, რომ მათ ტრაექტორია მომენტალურად შეცვალონ. ამჟამად, მინიატურული ელემენტები ფრენას მხოლოდ შვიდი წუთი უზრუნველყოფენ.

ფოტო: Festo

ფოტო: Fes

ახლახან Festo-მ კიდევ ერთი რობოტი შემოგვთავაზა. ამ ერთფეხა რობოტს BionicMobileAssistant ეწოდება, იგი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: რობოტული კიდურისგან, მობილური ძირითადი ნაწილისგან და მოქნილი ელექტრონული ხელისგან, რომელსაც ასზე მეტი სენსორი აქვს. სენსორები მას საშუალებას აძლევს სხვადასხვა ნივთი ხელში აიღოს, მოუჭიროს და დაზიანების გარეშე საკუთარ ადგილას დააბრუნოს.