გუშინ, 6 ივნისს ცნობილმა ინგლისურმა როკჯგუფმა Kasabian ოფიციალური განცხადება გაავრცელა და თავის გულშემატკივრებს ამცნო, რომ ორმხრივი შეთანხმების შემდეგ ბენდს სოლისტი ტომ მეიგანი ტოვებს.

"ტომი ცდილობდა თავის პირად პრობლემებს გამკლავებოდა, რაც ხანდახან მის ქცევებზე აისახებოდა. ახლა მას სურს, რომ თავისი ენერგია სრულად ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებისკენ მიმართოს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

BBC-ის ცნობით, ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ტომ მეიგანმა სასამართლოში აღიარა, რომ 9 აპრილს თავის ყოფილ საცოლეს, ვიკი ეიგერს თავს დაესხა.

სასამართლოშივე აღნიშნეს, რომ ძალადობას არასრულწლოვანი ბავშვი შეესწრო და სწორედ მან დარეკა ცხელ ხაზზე "ოჯახურ კონფლიქტთან" დაკავშირებით.

საქმის ხელმძღვანელი პროკურორის განცხადებით, დაზარალებულს, ვიკი ეიგერს მუხლებზე, ინდაყვსა და კოჭზე დალურჯებები და ასევე "ყელის არეში სიწითლე" აღენიშნებოდა.

სასამართლოში მოხსენების დროს აღინიშნა, რომ ტომ მეიგანი შემთხვევის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

39 წლის ბრალდებული თავდაპირველად უარყოფდა ბრალდებებს, თუმცა მას შემდეგ, რაც მას ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები აჩვენეს, პოლიციას განუცხადა, რომ მას აღარ შეეძლო ამ "საშინელი" კადრების ყურება.

ტომ მეიგანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ციხის ნაცვლად რეაბილიტაციისთვის საზოგადოების სასარგებლო 200-საათიანი არაანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დაევალა.

Kasabian 1997 წელს შეიქმნა და დღემდე ექვსი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. ბენდიდან ტომ მეიგანის წასვლის შემდეგ ამჟამად მხოლოდ გიტარისტი სერჯიო პიცორნო და ბასისტი კრის ედვარდსი დარჩნენ.