კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მაუწყებლობის შესახებ და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს მოიცავს. ამის შესახებ კოალიცია განცხადებას ავრცელებს.

როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღება მედიაგარემოს უდიდეს ზიანს მიაყენებს. კოალიცია, მოუწოდებს, საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას ამ კანონპროექტის დამტკიცება წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების გათვალისწინებით.

"მოვითხოვთ კომუნიკაციების კომისიის მიერ შემოთავაზებული წინადადებები საქართველოს პარლამენტმა განიხილოს მაუწყებლების, ავტორიზებული პირების, შიდა და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით", — ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

როგორც კოალიცია აცხადებს, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, კომისიას ენიჭება განუსაზღვრელი ძალაუფლება მიღებული გადაწყვეტილებების ამოქმედებით და რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული სუბიექტების მართვის (სპეციალური მმართველის დანიშვნა) და წილის გასხვისების უფლების მეშვეობით.

"ამასთან, კომუნიკაციების კომისია შეძლებს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ბერკეტების გამოყენებით მიიღოს ყველა გადაწყვეტილება მედიის გავრცელების, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, სარეკლამო მომსახურების და შრომითი უფლებების გადაწყვეტის საკითხებზეც კი", — ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ მედიისთვის წარმოქმნილ ახალ და "გაუმართლებელ რისკებთან" დაკავშირებით. მედიის ადვოკატირების მიზნებისათვის წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტს, კომუნიკაციების კომისიას, ბიზნესომბუდსმენს, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ:

  • მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რათა მოგვცეს შესაძლებლობა შეხვედრის ფორმატში გავუცვალოთ ჩვენი მოსაზრებები კანონპროექტის თაობაზე;
  • ვთხოვთ, კომუნიკაციების კომისიას მოკლე ვადებში ჩანიშნოს სამუშაო შეხვედრას სამოქალაქო სექტორთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად;
  • მივმართავთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას სამოქალაქო სექტორთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად გადახედოს კანონპროექტს;
  • მივმართავთ ბიზნესომბუდსმენის აპარატს, ჩაერთოს პროცესებში და ჩვენთან ერთად გაიაზროს მედიის, როგორც ბიზნესის რისკები ქვეყანაში.
  • მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაგვიწიონ დახმარება მედიის თავისუფლების ხელშეწყობის და დაცვის მნიშვნელოვან პროცესში.

შესაძლოა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცეს. კომისიისთვის აღნიშნული ბერკეტის მიცემას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.

კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.

მედიის სფეროს წარმომადგენლები და იურისტები ფიქრობენ, რომ კანონპროექტი არამხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების მქონე კომპანიებს, ინტერნეტ ან მობილურ პროვაიდერებს ეხებათ, არამედ ამ ცვლილებების მიზანი მაუწყებლთა ნაწილის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის შემოტანის მცდელობაა.

კომუნიკაციების კომისია ამბობს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები მედიასა და მაუწყებლებს არ ეხებათ. ამის შესახებ On.ge-ს კომინიკაციების კომისიის პრესამსახურში განუცხადეს. მათივე მტკიცებით, ინფორმაცია თითქოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, ტყუილია.