შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბოცვაძის თქმით, მცხეთაში ხანძართან დაკავშირებით ცალკე გამოძიება მიმდინარეობს. საუბარია, იმ ტერიტორიის დაწვაზე, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა.

ბოცვაძის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს განზრახ არის თუ არა ხანძარი გაჩენილი.

"ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს. გუშინ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, განზრახ არის ეს ხანძარი გაჩენილი თუ გარკვეული გაუფრთხილებლობა იყო. შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებულია ყველა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები. ეს არის გამოძიების საგანი- ცალკე საქმე ხანძართან დაკავშირებით მიმდინარეობს და დაველოდოთ მის შედეგებს", — განაცხადა ბორცვაძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ტერიტორია, სადაც საქმის მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი, იმალებოდა, დამწვარია. ადვოკატის თქმით, აღნიშნული კითხვის ნიშნებს აჩენს.

"ის, რომ ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია, გადამწვარია იქაურობა, რა თქმა უნდა, ესეც კითხვის ნიშანს აჩენს. არ ვიცი, სამომავლოდ შეიძლება სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დასჭირდეს, შეიძლება კვალის მოძებნა დასჭირდეს და იქ, სადაც უკვე გადამწვარი, არ რა უნდა გააკეთოს? წარმოდგენა არ მაქვს ვინმემ შეგნებულად დაწვა თუ შემთხვევით დაიწვა", — განაცხადა გელხაურმა ჟურნალისტებთან.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვს წარდგენილი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმის ირგვლივ გამოიკითხა 60-მდე პირი და მოწმეთა დაკითხვა ამ ეტაპზეც გრძელდება, მოპოვებულია მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალაც. მოწმეებს შორისაა ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძეც, რომელმაც იმ ღამეს პატრული გამოიძახა.

უწყება აცხადებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ საქმეს შესაბამისი შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

ამავე თემაზე: